საწვავის კრიზისი აფხაზეთში
ბენზინთან დაკავშირებული პრობლემები აფხაზეთში
აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე დიდი რიგებია, ხშირად კი იქ ბენზინი უბრალოდ არ არის. მიმწოდებელი კომპანიები ვითარებას იმით ხსნიან, რომ აფხაზეთში ძალიან ბევრი ტურისტი საკუთარი მანქანებით ჩამოვიდა დასასვენებლად.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე პოპულარული ბრენდების – AI-92 და AI-95 ბენზინის დიდი დეფიციტია. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე ამ ბრენდების საწვავი მხოლოდ ტალონებზე იყიდება, ტალონებს კი ძირითადად სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლები იღებენ.
ბენზინგასამართ სადგურებზე დიზელის საწვავი კვლავ ხელმისაწვდომია, თუმცა არსებობს შიში, რომ ის მალე დეფიციტად იქცევა.
- მოსაზრება: აფხაზეთს ენერგოსისტემის რუსეთისთვის გადაცემა ან უშუქოდ ცხოვრება მოუწევს
- აფხაზი აქტივისტი შიმშილობის აქციით ხელისუფლებისგან ბენზინის გაიაფებას ითხოვს
- სამარშრუტო ტაქსები – აფხაზეთის გზების მეფეები
მიმწოდებელი კომპანიებიც და ხელისუფლებაც მთავარ მიზეზად ამ აგვისტოში რუსი ტურისტების რეკორდულ ნაკადს ასახელებენ – მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის აგვისტოს, ანუ პანდემიის წინა პერიოდს.
ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილი დასასვენებლად საკუთარი მანქანით მოდის.
კიდევ ერთი მიზეზი არის ის, რომ ტურისტულმა ბუმმა არა მარტო აფხაზეთში, არამედ მეზობელ სოჭშიც დიდი ტვირთების საცობი შექმნა რკინიგზაზე.
დამსვენებელთა დიდი ნაკადის გამო, რუსეთის სამხრეთით ფაქტობრივად პარალიზებულია სატვირთო მატარებლების მოძრაობა საწვავის ცისტერნებით. აქ უპირველეს ყოვლისა, ნებადართულია სამგზავრო მატარებლების გავლა, რის შედეგადაც საქონლის მიწოდების დრო გაიზარდა 10-15 დღიდან თვემდე ან მეტზე.
ვერ მოგვარდა აფხაზეთისთვის საწვავის საავტომობილო გზით მიწოდების პრობლემაც. საზღვარზე საცობები და შეფერხებები გადაულახავ დაბრკოლებად იქცა.
ეკონომიკის სამინისტრო მოსახლეობას არწმუნებს, რომ პრობლემა მალე უნდა მოგვარდეს.
“გზად, აფხაზეთიდან სხვადასხვა მანძილზე, არის აფხაზური კომპანიების საწვავი ავზები, რომელთა საერთო მოცულობა დაახლოებით ოთხი ათასი ტონაა.“ – აცხადებენ აფხაზეთის ეკონომიკის სამინისტროში.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო