საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 270 ლარით გაიზარდა
საშუალო თვიური ხელფასი საქართველოში
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.7 პროცენტით ანუ 270.1 ლარით გაიზარდა და 1 716.6 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
ქალების საშუალო ხელფასი 1 375.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 053.4 ლარით განისაზღვრა. წლიურმა ზრდამ ქალებში 190.9 ლარი (16.1%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 358.1 ლარი (21.1%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით);
- მშენებლობა – 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით).
საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს ქ. თბილისი და მცხეთა- მთიანეთის რეგიონი.
აღსანიშნავია, რომ ამასთან იანვარი-მარტის პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 279.4 ლარით (18.9%) გაიზარდა და 1 759.1 ლარი შეადგინა.
ამასთან, პირველ კვარტალში არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 252.4 ლარით (18.1%) გაიზარდა და 1 643.2 ლარი შეადგინა.
● მინიმალური ხელფასი საქართველოში – გვინდა თუ არ გვინდა
● PMCG: საქართველოს მოსახლეობის 23 პროცენტი ემიგრაციაშია წასული
● ჰანკეს სიღატაკის ინდექსში საქართველო 36-ე ადგილზეა