ჰანკეს სიღატაკის ინდექსში საქართველო 36-ე ადგილზეა
საქართველო სიღატაკის ინდექსში
გასული წლის მონაცემებით, ჰანკეს ყოველწლიურ ინდექსში, რომელიც ქვეყნებში ეკონომიკურ მდგომარეობას აფასებს, საქართველო 157 ქვეყნიდან 36-ე ადგილს იკავებს.
ჰანკეს ინდექსის მეთოდოლოგია გულისხმობს სამ ელემენტს:
● უმუშევრობის დონე;
● ინფლაციის მაჩვენებლი;
● საპროცენტო განაკვეთის მონაცემების ინდიკატორებად გამოყენება.
ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა ამ ინდიკატორების მხრიდან უარყოფით გავლენას განიცდის, ინდექსის მიხედვით მოწინავე ადგილებს ინაწილებენ.
ამავე ინდექსში ზიმბაბვე, ვენესუელა, სირია, ლიბანი, სუდანი, არგენტინა, იემენი, უკრაინა, კუბა, თურქეთი, შრი-ლანკა, ჰაიტი, ანგოლა, ტონგა და განა მსოფლიოს ყველაზე ღატაკი ქვეყნების პირველ 15 ადგილს იკავებენ.
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● როგორ მივიდა საქართველოს სასამართლო სისტემა დასავლურ სანქციებამდე
აღსანიშნავია, რომ 6 ივნისს ამერიკულმა გამოცემა CNBC გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კავკასიის ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მოულოდნელად გაიზარდა. თუმცა, გამოცემის განმარტებით, ახლა ეს ქვეყნები დასავლეთის მხრიდან “შურისძიების” საშიშროების წინაშე დგანან.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.1%-ით გაიზარდა, სომხეთის – 12.6%-ით. ამასთან, გაეროს სააგენტოს შეფასებით, 2023 წელს ამ ქვეყნების ეკონომიკური ზრდა, შესაბამისად, დაახლოებით 4%-ით და 5.5%-ით შენელდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 15.6 პროცენტი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც 1.9 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
ანგარიშის მიხედვით, სოფლებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქებში. კერძოდ, 2022 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 20.6 პროცენტი იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობისა კი – 12.3 პროცენტი.