სასამართლომ პროკურატურას TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა მისცა
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და TV პირველიდან მასალების ამოღების ნებართვა გასცა.
განჩინებაში აღნიშნულია, რომ წინააღმდეგობის გაწვევის შემთხვევაში სასამართლო პროკურატურას ძალის პროპორციულად გამოყენებით, მასალების იძულებით ამოღების საშუალებას აძლევს.
ტელეკომპანიაში აცხადებენ, რომ პროკურატურას არა ჩანაწერები, არამედ კონვერტი და ელექტრონული მატარებელი აინტერესებს.
პროკურატურის განცხადებაში წერია, რომ საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე.
პროკურატურაში ამბობენ, რომ ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. ასევე, გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.
TV პირველის წამყვანი და მთავარი პროდიუსერი ნოდარ მელაძე აღნიშნავს, რომ მისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება “იძულებით მასალების ამოღებაში”. მისივე თქმით, პროკურატურის მიზანია, დაადგინონ წყარო და არა უშუალოდ აუდიოჩანაწერებში გაჟღერებული ფაქტები.
“ყველაზე გასაოცარია სასამართლოს გადაწყვეტილება, როდესაც მოსამართლე კლდიაშვილი პროკურატურას ეუბნება, რომ კონვერტზე და ელექტრონულ მატარებელზე, ამოღების უფლებას გაძლევო, მაგრამ თუ ვერ ამოიღებო, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, გამოიყენეთ იძულებითი პროპორციული ზომაო. რას ნიშნავს, ანუ პროკურორები შემოიჭრებიან ტელევიზიაში და დაიწყებენ კომპიუტერებში ძებნას, კიბეს მოადგამენ თუ ნიუსრუმებს გაჩხრეკენ”, – ამბობს ნოდარ მელაძე.
“ტვ პირველში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? აბა, გაბედეთ!” – ამბობს ჟურნალისტი ინგა გრიგოლია.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა გიგი უგულავამაც. მისი თქმით, გამორიცხული არაა, თავისუფალ მედიაზე დიდი შტურმი მზადდებოდეს.
უგულავას თქმით, თავისუფალ მედიაზე შტურმი რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ სვლის დაჩქარებაა.
“მედიას/ჟურნალისტს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი იცავს. ეს კანონი ბოლო ფორპოსტია რასაც ივანიშვილის ბინძური ხელი ჯერ არ შეხებია. ზუსტად ასე იყო 2002-2003 წლებში. სვლა რუსული ტიპის სახელმწიფოსკენ დაჩქარდა. დღეს ამ გზაზე მთავარი წინაღობა თავისუფალი მედიაა”, – ამბობს უგულავა.
______________________________________
● მორიგი პოლიტიკური სკანდალი საქართველოში: ფარული ჩანაწერი ივანიშვილის შვილის და პრემიერის მონაწილეობით
● “მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, იცოდეს ამაზე პასუხს მოვთხოვ” – ბერა ივანიშვილის პასუხი ფარულ ჩანაწერებზე
● მოსაზრება: შიშველი ფეოდალიზმი
______________________________________
6 მარტს, ტელეკომპანია “პირველის” ეთერში, საგამოძიებო გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გავიდა ფარულად ჩაწერილი სატელეფონო საუბრები, სადაც სამი ადამიანის ხმა ისმის.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთი საქართველოს მოქმედი პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია, მეორე – სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე, ხოლო მესამე – ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის შვილი – ბერა ივანიშვილი.
ფარულად ჩაწერილ სატელეფონო საუბრებში ისინი დეტალურად განიხილავენ თუ როგორ დააშინეს და დასაჯეს სკოლის მოსწავლე, რომელმაც სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილს აგინა.
მმართველი გუნდის წევრებისა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებისგან განსხვავებით, რომლებიც რამდენიმე დღე იმეორებდნენ, რომ ეს ჩანაწერები ფაბრიკაციაა, ბერა ივანიშვილს მსგავსი რამ არ უთქვამს.
ტელეკომპანია “იმედის” ეთერში მან თქვა, რომ რომ დღესაც იგივეს გაიმეორებს და “პასუხის მოსთხოვს” მას, ვინც დედას შეაგინებს.