საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთი თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს.
საგანგებო მდგომარეობა მთავრობას უფლებას აძლევს, რომ:
იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისთვის პირი იძულებით გადაიყვანოს კარანტინში. წესების დამრღვევის წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სანქციები;
საერთაშორისო სამგზავრო, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლაზე წესდება შეზღუდვები, გარდა სატვირთო გადაზიდვებისა;
დგინდება საჯარო სერვისების მიწოდების განსხვავებული წესები და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განსხვავებული წესები და ვადები;
საქართველოს მთავრობას ექნება უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში საკარანტინო, საიზოლაციო, სამედიცინო მიზნებისთვის შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები;
იზღუდება ათ კაცზე მეტი ადამიანის შეკრება;
მთავრობას ექნება უფლება კერძო სტრუქტურებს, ორგანიზაციებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება;
აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;
მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ კანონისგან დადგენილი წესების განსხვავებულ წესებს;
საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირთა მობილიზებას;
საქართველოს სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად;
ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, წინააღმდეგ შემთხვევა, რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარის ოდენობით. განმეორებითი ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას სამ წლამდე ვადით;
საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით ცხადდება.
20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 47 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 259.