საქართველოში რეგულაციების ნაწილი მოიხსნა - ამუშავდა ტრანსპორტი და ბაზრობები
ორთვიანი პაუზის შემდე, 8 თებერვალს, საქართველოში მუშაობა განაახლა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა.
ავტობუსებთან და მიკროავტობუსებთან ერთად, დედაქალაქში მეტროც ამუშავდა.
ახალი წესების თანახმად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ ორშაბათიდან-პარასკევამდე იმოძრავებს და მხოლოდ 21:00 საათამდე.
საღამოს ცხრიდან დილის ხუთამდე ქვეყანაში კომენდანტის საათია.
განსხვავებული წესებით დაიწყეს მუშაობა სამარშრუტო ტაქსებმა.
- მგზავრი აუცილებლად პირბადით უნდა იყოს;
- აკრძალულია კონდიციონერის ჩართვა;
- ფანჯრები ღია უნდა იყოს;
- ყოველი დღის ბოლოს, ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე მიკროავტობუსს ჩაუტარდება დეზინფექცია.
8 თებერვლიდან კვლავ აიკრძალა კერძო მანქანების მოძრაობა ე.წ. ბასლეინებზე. ამ ხაზში მხოლოდ ავტობუსებმა და მიკროავტობუსებმა უნდა იარონ.
● საქართველოში იხსნება სკოლები, ამუშავდება ტრანსპორტი. 8 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება
● ჩინური ვაქცინა აზერბაიჯანში: კითხვები, რომლებსაც აქვთ პასუხები
● საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ. ბევრი ჩივის, რომ ვირუსმა პრობლემები დაუტოვა
8 თებერვალს ამუშავდა ასევე ბაზრობები. უკვე ღიაა თბილისში ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები. ასევე ღიაა ელიავას ბაზრობაც, სადაც რემონტისთვის საჭირო პროდუქცია იყიდება.
______________________________________________
უკვე ორი თვეა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც 28 ნოემბრიდან დაწესდა. რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ შეზღუდვების ნაწილის შემსუბუქება დააანონსა. საქართველოში შეზღუდვები ორ ნაწილად შემსუბუქდება .
მეორე ეტაპი 15 თებერვალსაა. ამ დღეს ამუშავდება სკოლები.
შეზღუდვების მოხსნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ქვეყანაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტის ქვემოთ ჩამოვიდა (დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს 24 საათის განმავლობაში სულ ჩატარებული ტესტებიდან რამდენი იყო კოვიდდადებითი).
თუმცა, კვლავ ძალაში დარჩება კომენდანტის საათი. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ კომენდანტის საათის მოხსნა ამ ეტაპზე არ განიხილება.