საქართველოში კოვიდგადატანილ პაციენტებს გამოიკვლევენ. ბევრი ჩივის, რომ ვირუსმა პრობლემები დაუტოვა
ინფექციური საავადმყოფოს დირქტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში გახშირდა მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა კოვიდის შემდგომი გართულებებისა და სიმპტომების გამო. სწორედ ამიტომ, თებერვლის დასაწყისში, საქართველოში იგეგმება კოვიდგადატანილი პაციენტების სრულფასოვანი კვლევა.
როგორც ცერცვაძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა, ამ მდგომარეობას სხვადასხვანაირი სახელი ჰქვია – გახანგრძლივებული კოვიდი და პოსტკოვიდური სინდრომი:
“გახანგრძლივებულ კოვიდზე ამბობენ მაშინ, როცა კოვიდის დამთავრებისთანავე ანუ განკურნებისთანავე, რაღაც სიმპტომები გრძელდება, მაგალითად სისუსტე, კუნთების ტკივილი, სუნთქვის გაძნელება, ხანდახან სუფებრილური ტემპერატურა და სხვა და სხვა.”
ცერცვაძის ამბობს, რომ არის ისეთი შემთხვევებიც, როცა კოვიდისგან ადამიანი განიკურნება, ტესტი უარყოფითია, მაგრამ რაღაც სიმპტომები მას უგრძელდება. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდის შემდგომი სიმპტომებით გარდაცვალების შემთხვევები არ ყოფილა.
“სრული სურათი რომ ვნახოთ, გადავწყვიტეთ, რომ ჩატარდეს ოფიციალური კვლევა“, – აცხადებს ცერცვაძე.
___________________________________
● ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება
● როდის და რა ვაქცინით აცრიან საქართველოს მოქალაქეებს
● საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღისთვის ემზადება
_____________________________________
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აღნიშნავს იმასაც, რომ ექიმები გამოიკვლევენ 500 ადამიანს, რომლებმაც კოვიდი გადაიტანეს. მათ ჩაუტარდებათ სრული გამოკვლევა ყველა იმ ორგანოსი და სისტემის, რომლის მხრივაც ჩვეულებრივ კოვიდგადატანილები გამოხატავენ ჩივილებს. ეს იქნება კლინიკური გამოკვლევა:
“ეს იქნება კომპიუტერული ტომოგრაფიით გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრაფია, გულის ულტრაბგერითი გამოკვლვევა, სუნთქვის გამოკვლევა.”
ცერცვაძის თქმით, სუნთქვის ფუნქციის კვლევა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ხანდახან ის დაზიანებული რჩება. აქედან გამომდინარე, კვლევების შემდეგ, დაიდება ზუსტი შედეგები, თუ რამდენ პროცენტში ვითარდება ეს პოსტკოვიდური სინდრომი.
ცერცვაძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ პირველი კვლევის ჩატარების შემდეგ, იმავე პაციენტებს განმეორებითი კვლევა ერთი და სამი თვის შემდეგაც ჩაუტარდებათ.
“ზუსტი შედეგების დადების შემდეგ შედგება პროგრამა, რომლითაც ასეთ პაციენტებს საშუალება ექნებათ მიმართონ კოვიდკლინიკებს და ეს გამოკვლევები უფასოდ ჩაიტარონ. ამიტომაა საჭირო ამ კვლევის ჩატარება, რომ ვიცოდეთ რაზე შევადგინოთ პროგრამა“, – განაცხადა ცერცვაძემ.