საქართველოში შატილის გზაზე, ავარიაში დაღუპულებს გლოვობენ
საქართველოში გლოვის დღეა – დღეს, 25 აგვისტოს ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარ ავარიაში დაღუპულ 17 ადამიანს გლოვობენ.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
გადაიდო ყველა საზეიმო ღონისძიება.
ავარია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოს სიახლოვეს 23 აგვისტოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთიდან თბილისში ბრუნდებოდა, გზაზე ჯერ საგზაო დეპარტამენტის კუთვნილ გაჩერებულ მანქანას დაეჯახა, შემდეგ კი 80 მეტრის სიმაღლიდან, ხევში გადავარდა.
20 მგზავრიდან სამი მძიმედ დაშავდა, 17 ადამიანი კი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, დედა-შვილი: მაია მამუჩაშვილი და ნუცა ყანადაშვილი და დები: ირმა და ხათუნა მურუსიძეები.
მგზავრებს შორის კიდევ ორი და იყო. დეა და ხატია დევსურაშვილები. 25 წლის დეა დევსურაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. 23 წლის ხატია დევსურაშვილი კი მძიმე მდგომარეობაშია.
• როგორი იქნება ტურიზმი კორონავირუსის შემდეგ. საქართველო ტურისტების მისაღებად ემზადება
ავარიის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.