საქართველო საპროტესტო აქციებმა მოიცვა. შსს აფრთხილებს ოპოზიციას, რომ გამოიყენებს პროპორციულ ძალას
უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პერმანენტული მცირე თუ დიდი საპროტესტო აქციები იმართება.
მთავარი მოთხოვნა ყველგან ერთია – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკვე 46-ე დღეა პატიმრობაში შიმშილობს, გადაიყვანონ მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში.
რამდენიმე აქციაა დაანონსებული 15 ნოემბერსაც. აქცია იყო დღეს საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის, ე.წ. პიჯაკების საქმის განხილვა მიმდინარეობდა. პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილს სასამართლო სხდომაზე დასწრებაზე კვლავ უარი უთხრა, რამაც მის მხარდამჭერთა უკმაყოფილება გამოიწვია.
ასევე ქუთაისში აქციაზე შეიკრიბა რამდენიმე ექიმი, რომელთან სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მოითხოვეს. სახელმწიფო კანცელარიასთან გაიმართება ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებული აქცია, სადაც ქალები ამავე მოთხოვნით შეიკრიბებიან და საერთო პროტესტს შეუერთდებიან.
მთავარი ოპოზიციური პროტესტი თბილისში გაიმართა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და სხვადასხვა მიმართულებით, მოაწყვეს მსვლელობა.
ოპოზიციამ ორი საათის განმავლობაში მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზები გადაკეტა.
ოპოზიციის ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ღიად პრორუსული კურსი გამოაცხადა:
“პუტინის რუსეთის, კრემლის წარმომადგენლები მართავენ მათ პოლიტიკურ, ოლიგარქიულ დღის წესრიგს. ამიტომ, რუბიკონი გადალახულია, უკან დახევა არ იქნება. გინდოდათ, ძალადობრივ ჭაობში ჩაგეთრიათ მოსახლეობის დიდი ნაწილი, არ აგყვებით, მაგრამ მეთოდურად ჩამოგშლით და თქვენც იცით, რომ იშლებით“, – განაცხადა მელიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დილიდანვე, აქციის დაწყებამდე გამოეხმაურა ოპოზიციის აქციას.
განცხადებაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, წერია, რომ ოპოზიციის აქციის “გაცხადებული მიზანია, თბილისში სატრანსპორტო კოლაფსის გამოწვევა”.
უწყება აფრთხილებს ოპოზიციის აქციის მონაწილეებს, რომ თუ ისინი არ დაემორჩილებიან სამართალდამცავთა მოთხოვნებს და საფრთხეს შეუქმნიან “ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობას”, პოლიცია “მყისიერად აღკვეთს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტს” და “საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს”.
“აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით,” – წერია განცხადებაში.
შსს-ს ეს განცხადება ოპოზიციამ “მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების ანონსად” აღიქვა.
“ნაციონალური მოძროაობის” განცხადებაში წერია, რომ შსს-მ „ წინასწარ განაცხადა, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას”.
______________________
პერმანენტული აქციები მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, ქვეყანაში უკვე რამდენიმე კვირაა ყოველ დღე მიმდინარეობს. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ კიდევ უფრო გააფართოონ პროტესტის გეოგრაფია და უფრო საყოველთაო გახადონ პროტესტი.
იგივე მოთხოვნით, უკვე 13 დღეა შიმშილობს პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია. 14 ნოემბერს იგივე მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო კიდევ ათმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პოლიტიკოსმა. იგივე მოთხოვნით შიმშილობს ასევე ექიმი ვილი პაჭკორია.