ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ თუ ქვეყანაში ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. ამის შესახებ მან ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართულ ენაზე განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია.
ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროპის დღის ღონისძიებაზე პირადი მოსაწვევი არავისთვის გაუგზავნიათ, რადგან ეს საჯარო ღონისძიებაა.
მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოების კუთხით ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, რისი ნაწილიც საქართველო არ არის, ეს კი ქართული ოცნების დამსახურებაა.
“2023 წელს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.
მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. ხალხის ევროპული არჩევანი კი ნათელია… თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ”, – განაცხადა ელჩმა.
აღსანიშნავია, რომ ვარშავაში, სადაც 8 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს არაფორმალური სხდომა გაიმართა, საქართველოს გარდა გაერთიანების წევრობის ყველა კანდიდატი სახელმწიფო მიიწვიეს.
“ფორმულას” კითხვაზე, თუ რატომ არ იყო საქართველო აღნიშნულ სხდომაზე მიწვეული, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯით, შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი.