საქართველოს ქალაქებს შორის ტრანსპორტი აღარ ივლის
23 მარტის 00:00 საათიდან საქართველოს ქალაქებს შორის მიმოსვლა წყდება.
არ იმუშავებს არც ერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მგზავრები ქალაქებს შორის გადაჰყავს – არც ავტობუსები, არც სამარშრუტო ტაქსები და არც მატარებლები.
კერძო ავტომობილებით გადაადგილება ამ ეტაპზე დაშვებულია.
“თქვენ იცით, რომ ქვეყანა უკვე გადავიდა შიდა გადაცემის ეტაპზე და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაფერხოთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომაც ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს,” – განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა.
ახალი წესები ტაქსებისთვის
თბილისის მერიამ შეზღუდვები დააწესა თბილისში მომუშავე კერძო ტაქსებისთვისაც.
ახალი წესების თანახმად, მგზავრების გადაყვანის დროს ტაქსის ფანჯრები არ უნდა იყოს დახურული.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- საგანგებო მდგომარეობის მეორე დღე: ეკლესიებში ხალხმრავალი წირვა-ლოცვა ჩატარდა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
ასევე, მგზავრი არ უნდა იჯდეს მძღოლის გვერდით. ავტომობილის უკანა სავარძელზე კი ერთდროულად მაქსიმუმ ორი ადამიანის ყოფნაა დასაშვები.
_____________________________________
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 3254 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.
54 პაციენტიდან 8 გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეული და ბოლნისი დაიკეტა.