პანდემიის მიუხედავად, ეუთოს საარჩევნო დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვლენ
350 მოკლევადიან და 28 გრძელვადიან დამკვირვებელს გამოაგზავნის ეუთო/ODIHR საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად.
ამის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, გააკეთა.
ამ დროისთვის ასევე ცნობილია, რომ გერმანია 37 დამკვირვებელს გამოგზავნის და აშშ მოიძიებს მოხალისეებს საქართველოში არჩევნების ადგილზე დასაკვირვებლად.
არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
● რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. გზამკვლევი
პარლამენტის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლის საკითხი პრობლემური კოვიდ-19-ის გამო მსოფლიოში დაწესებული შეზღუდვების გამო გახდა.
ამას დაემატა ცოტა ხნის წინ NDI-ის და IRI-ის მიერ გაკეთებული განცხადებები, რომ არჩევნებს დისტანციურ რეჟიმში და საქართველოში მყოფი თანაშემწეების დახმარებით დააკვირდებოდნენ.
მანამდე კი, მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ NDI და IRI არჩევნებს ადგილზე ვერ დააკვირდებოდნენ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ხელისუფლება შეეცდება არჩევნებს რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებელი დააკვირდეს.
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს დამკვირვებლები საქართველოში ჩამოვიდნენ და არავის არ შეექმნას პრობლემა და შეფერხება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მთავრობას სურს, რომ დამკვირვებლების რაოდენობა იყოს მცირე. მთავრობა იმალება კორონავირუსის პანდემიის უკან და იმედი აქვთ, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა იქნება მცირე”, — განაცხადა “ევროპული საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ.