"სამშვიდობო მანიფესტი" - ყარაბაღის კონფლიქტს თბილისში აქციით ეხმაურებიან
2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან აქცია – “სამშვიდობო მანიფესტი” გაიმართება, რომელიც ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებს ეძღვნება.
აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია “Emc – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრია”.
განცხადებაში, რომელსაც აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ, საუბარია რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობაზე. საქართველოს როლს ისინი სწორედ მშვიდობის მხარდაჭერაში ხედავენ:
“დღეს ჩვენი საზოგადოების გაერთიანება მშვიდობისთვის და ომის შეწყვეტის მოთხოვნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობისთვის და განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას მშვიდობის მხარდამჭერის როლის უკეთესი შესრულება შეგვიძლია ამ კუთხით ძალისხმევა გასაძლიერებელია.
ასევე ხაზგასმულია, რომ რეგიონს დღეს აქვს საერთო პრობლემები, რომლებიც უნდა დაამარცხოს. ეს არის ეთნო-ნაციონალიზმი, შოვინიზმი და მილიტარიზმი:
“მშვიდობის აღიარება დღეს, ნიშნავს უარს ეთნო-ნაციონალიზმის, შოვინიზმის და მილიტარიზმის გაბატონებულ იდეებზე, რომლითაც ჩვენი რეგიონის ქვეყნები დამოუკიდებლობის შემდეგ იმართება. მშვიდობის აღიარება დღეს, ნიშნავს მათ შორის ჩვენს ქვეყანაში კონფლიქტის რეგიონებთან მიმართებით ახალ პოლიტიკურ იდეალებზე შეთანხმებას, რომელიც უპირველსად ადამიანზე და მის ღირსებაზეა დაფუძნებული,” – წერია განცახედბაში.