ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე გამართულ საგანგებო სხდომაზე აფხაზეთის პარლამენტმა რატიფიცირება მოახდინა ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთის საკუთრებაში გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე. ოპოზიცია უკმაყოფილოა ხელშეკრულების პირობებით და თავს მოტყუებულად მიიჩნევს. საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობასთან ამ დრომდე გრძელდება.
პარლამენტის თავმჯდომარის, ლაშა აშუბას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები ოპოზიციის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც მომზადდა აფხაზეთის კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება, რომელმაც, არსებითად, უნდა გამოასწოროს ის ხარვეზები, რომლებიც კანონპროექტში აქამდე იყო.
პარლამენტის თავმჯდომარე აქციის მონაწილეებთან გავიდა და მიღებული გადაწყვეტილება თავად აცნობა:
„კოორდინატებთან დაკავშირებული ცვლილება მიიღო რუსეთის მხარემ და მივიღეთ ჩვენც, შეკითხვა დარჩა „მესამე მხარეებთან“ დაკავშირებით. შედგა შესაბამისი შეხვედრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომელზეც მივედით კონსენსუსამდე შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანაზე.
ეს არის კანონი „საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“, სამოქალაქო კოდექსი და სპეციალური კონსტიტუციური კანონი, რომელიც კონკრეტულად ეხება სახელმწიფო აგარაკის გადაცემას, სადაც ნათქვამია, რომ ობიექტის მესამე პირებზე გადაცემის შემთხვევაში ხელშეკრულება წყდება და ქონება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას“.
ცვლილებების მიღების შემდეგ შეთანხმებას სხდომაზე დამსწრე 28 დეპუტატიდან 25-მა მხარი დაუჭირა.
ოპოზიცია უკიდურესად იმედგაცრუებულია. ცნობილმა აფხაზმა ადვოკატმა, საკონსტიტუციო რეფორმის საპრეზიდენტო კომისიის წევრმა საიდ გეზერდავამ ამას “სამარცხვინო გადაწყვეტილება” უწოდა.
„ეს კანონპროექტები შექმნილია იმისთვის, რომ შეთანხმება შეინიღბოს ისე, რომ ის არ გამოიყურებოდეს სამარცხვინოდ.“ – ამბობს გეზერდავა.
ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან მიქამ განაცხადა:
„ჩვენ მაშინ მოვალთ, როცა არ გველოდებიან და მოვითხოვთ მსგავსი უკანონო გადაწყვეტილებების გაუქმებას.“
შეთანხმების რატიფიცირების დასრულებული ფაქტის მიუხედავად, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან აქციას აგრძელებენ. დილიდან სოხუმში რეგიონებიდან დაიწყო მოსახლეობამ ჩასვლა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო