საქართველოს სახალხო დამცველმა "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით სარჩელი მოამზადა
სახალხო დამცველმა სარჩელი მოამზადა
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ძალადობრივი, ჰომოფობიური, პროპუტინისტური “ალტ-ინფოს” მიერ დაარსებული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადეს.
ომბუდსმენის თქმით, იმ მიზეზის გამო, რომ სახალხო დამცველს არ აქვს ამ საფუძვლით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება, სარჩელის პროექტი რამდენიმე სხვა უფლებამოსილ სუბიექტს წარუდგინეს.
სახალხო დამცველის სამართლებრივი შეფასებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის ამსახველი, საჯარო ვიდეომასალები “თავისუფლად აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა თუნდაც ზურაბ მახარაძის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა” ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.
თუმცა, როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ერთი წლის გასვლის შემდგომაც კი სისხლისსამართლებრივი დევნა პროკურატურას არც ერთი პირის მიმართ არ დაუწყია. ასევე, დევნა არ დაიწყო არც “სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ, რომელიც ასობით ადამიანს ძალადობისკენ საჯაროდ მოუწოდებდა.”
სახალხო დამცველის განმარტებით, ამ დროისთვის, 5 ივლისის ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად ცნობილია 53 პირი, სისხლისსამართლებრივი დევნა კი 27 პირის მიმართ დაიწყო. სახალხო დამცველის აპარატი ამჟამად სწავლობს ძალადობაში მონაწილე პირთა მიმართ გამოტანილ რამდენიმე გამამტყუნებელ განაჩენს. სახალხო დამცველის თქმით, მან არაერთხელ მოითხოვა საჯაროდ აღნიშნულ საქმის მასალებზე სრულად დაშვება და გაცნობა, თუმცა უშედეგოდ.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, 5 ივლისის უკანონო ქმედებების და ფართომასშტაბიანი ძალადობის ორგანიზატორმა ჯგუფმა 2021 წელსვე შექმნა მოქალაქეთა პოლიტიკური პარტია:
“მათი მრავალი წინარე და შემდგომი განცხადება შეიცავს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ნიშნებს, აღვივებს სხვადასხვა ტიპის შუღლს, ახალისებს ძალადობას ან თავად შეიცავს ძალადობის ნიშნებს და წარმოადგენს ომის პროპაგანდას. სწორედ ამის გამო ჩვენს მიერ მომზადდა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება აღნიშნული პოლიტიკური პარტიის აკრძალვას.”
უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა პრორუსული, ძალადობრივი, ულტრარადიკალური მედია-ორგანიზაცია “ალტ-ინფო”, რომლის წარმომადგენლებმა გასული წლის ბოლოს პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
ალტ-ინფოს ეთერის მსმენელები დღეს უწყვეტ რეჟიმში ისმენენ უკრაინის ომის რუსულ ვერსიას – დასავლეთზე, რომელმაც წააქეზა უკრაინა და ზელენსკიზე, რომელმაც ნატოს გამო საკუთარი ხალხი არ დაინდო. საქართველოსთვის კი, ერთადერთი ხსნა და პრაგმატული გამოსავალი, რუსეთთან დიალოგია, – აცხადებენ ისინი, – და მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაუბრუნოს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას და მათი გაძლიერება საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კავშირს “ალტ-ინფოს” ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც.