თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. პიჯაკების საქმეზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა გადაწყვეტილება გამოაცხადა.
კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილს 9 წლიან სასჯელთან ერთად, 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
ხოლო სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და მასაც 3 წლის ვადით ჩამოართვა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება.
სააკაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყება განაჩენის მიღების მომენტიდან და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვლება 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 2025 წლის 12 მარტამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ე.წ. პიჯაკების საქმეზე პროკურატურა მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ედავებოდა.
პროკურატურის მტკიცებით, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 მილიონ ლარზე მეტი.
10 მარტს გამართულ სხდომაზე სააკაშვილმა, რომელიც სხდომას კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ერთვება, საკუთარ დასკვნით სიტყვაში თქვა, რომ პრეზიდენტობის დროს, მისი ხელფასი 3000-დან 4000 ლარამდე იყო და ამ ფულით დონალდ ტრამპსა და ჰილარი კლინტონს ვერ გაუმასპინძლდებოდა.
ამ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა.