რუსულ-ოსური ჯარი
გასეევის თქმით, შესაბამისი შეთანხმება უკვე მზადდება ხელმოსაწერად. მას შემდეგ, რაც ის ძალაში შევა, რუსეთი აღიარებს რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მოქმედ სამხედრო სამსახურს და სამხრეთოსურ სამხედრო ბილეთებს.
ამავდროულად, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ყველა ცვლილება საორგანიზაციო და საშტატო სტრუქტურებში განხორციელდება უშუალოდ რესპუბლიკის სამხედრო მოსამსახურეთა მიერ, – აღნიშნა გასეევმა.
“ამრიგად, სამხრეთ ოსეთის თავდაცვის სამინისტრო შენარჩუნებს გარკვეულ სამხედრო ქვედანაყოფებს. ეს ჩვენი მყარი პოზიციაა”, – გადმოგვცემს გასეევის განცხადებას სამხრეთი ოსეთის საინფორმაციო სააგენტო “Рес”.
ასევე, მისი თქმით, სამხრეთი ოსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, დაითანხმოს რუსული მხარე, რომ სამხედროებს ნაციონალურ ჯარში მიღებული წოდებები და დამსახურებები რუსულ სამხედრო სამსახურში ჩადგომის შემდეგაც ჩაეთვალოთ.
სამხრეთი ოსეთის ქვედანაყოფების რუსულ ჯარში გაერთიანების გეგმაზე ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში განაცხადეს, მაშინ, როდესაც მოსკოვმა და ცხინვალმა “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ დადეს შეთანხმება. კერძოდ, ამ შეთნხმების მეორე მუხლის მეორე პუნქტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთი ოსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, და ამ მიზნით, მხარეთა შეთანხმებისამებრ, რესპუბლიკის “სამხედრო ძალთა და უსაფრთხოების ორგანოთა ცალკეული ქვედანაყოფები შედიან რუსეთის ფედერაციის სამედრო ძალთა და უსაფრთხოების ორგანოთა შემადგენლობაში”.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.