რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს
რუსეთს უკრაინის საზღვრიდან ჯარები გაჰყავს. ასეთი განკარგულება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასცა. მოსკოვში აცხადებენ, რომ სწავლების მიზანი, რომლის გამოც ჯარების მასობრივი გადასროლა მოხდა, შესრულებულია. რუსი ჯარისკაცები უკრაინის საზღვართან, ყირიმში მარტიდან იყვნენ კონცენტრირებული, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაიძაბა. სამხედრო მზადებამ შეაშფოთა როგორც კიევი, ისე ევროპა და აშშ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ყირიმში ვიზიტის დროს გენშტაბსა და ჯარების მეთაურობას დაავალა, რომ 23 აპრილიდან, შეუდგნენ სამხედროების მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნებას. ამის შესახებ რუსულ „ნოვაია გაზეტას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.
„მიმაჩნია, რომ მოულოდნელი შემოწმების მიზნები სრულად მიღწეულია. ჯარმა ქვეყნის საიმედოდ დაცვის შესაძლებლობა აჩვენა. ამის გამო, მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულო შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში“, – განაცხადა შოიგუმ ყირიმში გამართულ თათბირზე.
- ჩეხეთმა სკრიპალების მოწამვლაში ბრალდებული აგენტები აფეთქების მოწყობაში ამხილა
- პანკისი – სირია – უკრაინა. ფიქრობთ, რომ ისლამური სახელმწიფო აღარ არის საფრთხე? ცდებით
- ომი და მაღაროები. გადარჩება თუ არა აღმოსავლეთ უკრაინის მეშახტეთა ქალაქები?
მინისტრის თქმით, ყირიმში, შემოწმების დროს დაამუშავეს სანაპიროს დაცვის, დესანტის საწინააღმდეგო ქმედებები.
ჯარებს, რომელიც რუსეთის სამხრეთით მიმდინარე სწავლებაში იყო ჩართული, შოუგუმ 1 მაისამდე, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე დაბრუნება დაავალა. ამასთან, თავდაცვის მინისტრმა დაავალა რაიონში მიმდინარე ნატოს სწავლებაზე, Defender Europe-ზე დაკვირვება და მზადყოფნა დაუყოვნებლივი რეაგირებისთვის, მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში.
კონფლიქტის ზონაში ვითარება მარტის ბოლოს დაიძაბა, როდესაც კიევმა განცხადება გააკეთა დონეცკის ოლქში, პრორუსული ფორმირებების მხრიდან სროლების გაძლიერებაზე. მოგვიანებით, მედიაში გამოჩნდა თანამგზავრიდან გადაღებული რუსული სამხედრო ბანაკის ფოტოები, რომელიც, სავარაუდოდ, ვორონეჟთან იყო გაშლილი – უკრაინის საზღვრიდან, დაახლოებით, 250 კილომეტრში.
დამოუკიდებელ წყაროებში უამრავი ფოტო და ვიდეომასალა გამოქვეყნდა, რომელიც რუსული სამხედრო ტექნიკის უკრაინის საზღვრის მიმართულებით გადაადგილებას ასახავდა.
ამასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა როგორც აშშ-მა, ისე ევროპის ქვეყნებმა. მოსკოვში კი განაცხადეს, რომ სწავლებას ატარებენ და ჯარების გადაადგილებით არავის ემუქრებიან.
კრემლში ასევე განაცხადეს, თითქოს, რუსეთის საზღვრის გასწვრივ, „ნატოს ქვეყნების შეიარაღებული ძალების მომეტებული აქტივობა შეინიშნება“.