რუსეთმა უკრაინის მხარეს მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთმა ქართველების წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბასტრიკინის თქმით, რუსეთში სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო იმ უცხოელი მოხალისეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. მათ შორის ქართველი მოხალისეების წინააღმდეგ.
ერთ-ერთ რუსულ გაზეთთან ინტერვიუში ბასტრიკინი ამბობს, რომ “არსებობს უკრაინის ტერიტორიაზე დაქირავებულთა მონაწილეობის ფაქტები დანაშაულებრივ ქმედებებში.”
როგორც საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა დააკონკრეტა, გამოძიება დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის, ნიდერლანდების და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმდინარეობს.
“კიდევ ხუთი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა უკრაინული ნაციონალისტური ჯგუფების წარმომადგენლების მიერ რუსი სამხედროების სიცოცხლეზე ხელყოფის ფაქტზე, ასევე ექვსი სისხლის სამართლის საქმე რუსი სამხედროების ბულინგის ფაქტებზე”, – აცხადებს ბასტრიკინი.
მისივე განმარტებით, რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ე.წ. მასობრივი განადგურების იარაღის შემუშავებაში და გამოძიებას ამ კუთხითაც აწარმოებს.
როგორც ბასტრიკინი ამბობს, აღძრულია 1300-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე და წინასწარი გამოძიებით 220-ზე მეტ პირს ბრალი ედება “მშვიდობისა და კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში.”
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. ქართველი მოხალისეები რუსეთის წინააღმდეგ ომის პირველივე დღიდან იბრძვიან. ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ აგრესიას საქართველოს 17 მოქალაქე ემსხვერპლა.
თავის მხრივ, უკრაინის გენერალური პროკურატურა იძიებს რუსი სამხედროების მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ათასობით საქმეს. უკრაინაში ომის დანაშაულის მტკიცებულებათა შეგროვებას განაგრძობენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებიც.