რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ საქართველოში "ფერად რევოლუციას" ამზადებს
რუსეთის დაზვერვა ფერად რევოლუციაზე
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მტკიცებით, აშშ საქართველოში “ფერად რევოლუციას” გეგმავს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის ანგარიშშია საუბარი. რუსეთის დაზვერვა ირწმუნება, რომ აშშ საქართველოში წინასაარჩევნოდ განვითარებული პროცესებით უკმაყოფილოა და რევოლუციის მზადებაც სწორედ ამას უკავშირდება.
ასევე, ანგარიშში ნათქვამია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნებზე დაკვირვებისთვის მობილიზებას ახდენენ და მათ გაყალბების “ეჭვგარეშე ფაქტების” იდენტიფიცირება და დაფიქსირება ევალებათ.
პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას”, 26 ოქტომბერს, მოსახლეობის ხმების დამაჯერებელი რაოდენობის მიღება შეუძლია, ვინაიდან “ამერიკელების შრომის მიუხედავად”, ოპოზიცია დაქსაქსული, ხოლო მის მიერ შექმნილი ალიანსები არამდგრადია.
რუსეთის მტკიცებით, აშშ შიშობს, რომ არჩევნების შედეგები მმართველ პარტიას “სუვერენული კურსის გაგრძელებისა და დასავლეთის მოთხოვნების არშესრულების საშუალებას” მისცემს.
“თეთრი სახლისთვის ასეთი სცენარი მიუღებელია. ამერიკელები აპირებენ, არჩევნებამდე დარჩენილ კვირებში საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა გაზარდონ”, – წერია ანგარიშში.
მიმდინარე წლის 7 ივლისს, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა (СВР) განაცხადა, რომ აშშ საქართველოში მთავრობის ცვლილებას გადატრიალების გზით გეგმავს. განცხადება СВР-მა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა და ის დიდწილად ოპოზიციისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთის ბრალდებები სრული სიცრუე და აბსურდია.
“და მე უბრალოდ აღვნიშნავ იმ ქვეყნის – რუსეთის – ირონიას, რომელიც უკანონოდ ახდენს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და ამ აბსურდულ ბრალდებებს სხვა ქვეყნის მიმართ აყენებს.“ – თქვა მაშინ მეთიუ მილერმა.