"როგორც პროვოკაცია" - რუსეთის საგარეო უწყება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ეხმაურება
გაზიარება
გაზიარება
რუსეთის საგარეო უწყება ე.წ. მეორე ფრონტის გახსნას ეხმაურება
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, მოსკოვი კიევის საქართველოსადმი მოწოდებას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გათავისუფლების შესახებ, პროვოკაციად მიიჩნევს.
“როგორც პროვოკაცია” – ასე უპასუხა ზახაროვამ ბრიფინგზე შეკითხვას, თუ როგორ აფასებს რუსული მხარე უკრაინელი დეპუტატის ზარებს საქართველოში ე.წ. “მეორე ფრონტზე”.
14 სექტემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ მალავენ, რომ მათი გაცხადებული სურვილია საქართველოში გაიხსნას მეორე ფრონტი და ჩაერთოს იმ სამხედრო კონფლიქტში, რომელიც უკრაინაშია.
საპასუხოდ, კობახიძე გამოვიდა იდეით, ჩატარდეს პლებისციტი, სადაც საქართველოს მოსახლეობას კითხავენ, უნდათ თუ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. თუმცა, უკვე მეორე დღეს, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განმარტა, რომ რომ მისი განცხადება რუსეთის წინააღმდეგ “მეორე ფრონტის” გახსნაზე შესაძლო პლებისციტის შესახებ, არის სარკაზმი “ცოტა ირონიით”, რადგან ქვეყნის მოსახლეობა ცალსახად ომის წინააღმდეგია.
რუსთავი 2-თან ინტერვიუში კობახიძემ ასევე თქვა, რომ “როდესაც ღირებულებით ჭრილში არ მოგვწონს და შეშფოთებული ვართ იმით, რომ რუსები ესვრიან უკრაინელებს, ზუსტად ამ ჭრილში უნდა განვიხილოთ ასეთი თეორიული ვერსიაც, რომ ქართველი ესვრის აფხაზს და ქართველი ესვრის ოსს”.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ “გარკვეულ ძალებს” [იგულისხმება უკრაინა და დასავლეთი] საქართველოში “მეორე ფრონტის გახსნა და ქვეყნის ომში ჩათრევა უნდათ.”
საპარლამენტო უმრავლესობის ოთხმა წევრმა, იმისთვის რომ “სიმართლე თავისუფლად ეთქვათ”, მმართველი პარტია და საპარლამენტო თანამდებობები ფორმალურად 28 ივნისს დატოვეს და მოგვიანებით მოძრაობა “ხალხის ძალა” დააფუძნეს.
“ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა პირველი განცხადებაც მალევე გამოაქვეყნეს, რომელსაც ხელისუფლების ოპონენტებმა უკვე უწოდეს ანტიდასავლური შეთქმულების თეორია. ყოფილი დეპუტატების თქმით, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არც 6 თვის თავზე არავინ მიანიჭებს, “თუ მანამდე ომში არ ჩაერთო ან რუსეთს სანქციები არ დაუწესა.” ბევრი ექსპერტის აზრით, ე.წ. წასულები ხელისუფლების პოზიციას აჟღერებენ.
წერილი გამოაქვეყნა თავად ბიძინა ივანიშვილმაც. მან დაადასტურა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს შედგა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“. თუმცა, ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე ისაუბრა ამერიკის ელჩთან.
ივანიშვილთან შეხვედრა დაადასტურა კელი დეგნანმაც. ელჩმა განმარტა, რომ მათ შორის არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე. როგორც დეგნანი ამბობს, მათი შეხვედრები ყოველთვის ეხებოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობას და აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის განვითარების მხარდაჭერას.