სლოვაკეთის პრემიერი ქართულ ლეგიონს აქციების ორგანიზებაში ადანაშაულებს, ლეგიონი ბრალდებებს უარყოფს
რობერტ ფიცო მამუკა მამულაშვილს ადანაშაულებს
სლოვაკეთის პრემიერმინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვასთან დაკავშირებული სამხედრო ორგანიზაცია, “ქართული ეროვნული ლეგიონი” (რომელიც რუსეთის ფედერაციაში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული და აკრძალულია) და მისი მეთაური მამუკა მამულაშვილი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ორგანიზებაში მონაწილეობდა. მისი თქმით, “ქართული ლეგიონი” და სლოვაკეთის ოპოზიცია საპროტესტო აქციების უკან დგანან.
“ჩვენი ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შემიძლია დავადასტურო, რომ სლოვაკეთში მიტინგების ორგანიზატორები არიან “ქართული ეროვნული ლეგიონის” წარმომადგენლები. ეს არის სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც უკრაინის არმიის ნაწილია,” – განაცხადა ფიცომ პრესკონფერენციაზე.
პრემიერმინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ აქციების ორგანიზატორებს ძალოვანი სტრუქტურებთან შეტაკებების მომზადება ჰქონდათ გეგმაში, ხოლო სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ შუტაი-ეშტოკის თქმით, “ქართული ლეგიონის” ლიდერს მამუკა მამულაშვილს სლოვაკეთში შესვლა აკრძალული აქვს.
ამ ბრალდებებს “ქართული ლეგიონის” ლიდერმა “უსაფუძვლო და აბსურდული” უწოდა.
იანვრის ბოლოს სლოვაკეთის 30-ზე მეტ ქალაქში მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები გაიმართა. პროტესტები მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის, ენერგეტიკული კრიზისისა და მზარდი სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ამ პრობლემებმა სლოვაკეთის მოქალაქეები ქუჩებში გამოიყვანა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთიდან გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით შეწყდა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტში დიდი დანაკარგები გამოიწვია.
ბრატისლავაში, ქვეყნის დედაქალაქში, ქუჩებში დაახლოებით 60,000 ადამიანი გამოვიდა, რაც ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დემონსტრაცია იყო.
რას ამბობს მამუკა მამულაშვილი
“ეს განცხადებები არის მიზანმიმართული მცდელობა, დააზიანონ ჩვენი დანაყოფის რეპუტაცია, რომელიც 2014 წლიდან უკრაინის გვერდით იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ,” – განაცხადა მამულაშვილმა.
მისივე თქმით, ახლა სლოვაკეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა “იმავე რუსულ თამაშში ჩაერთოს, იგივე სიცრუე გადაამუშაოს და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს.”
მამუკა მამულაშვილმა დასძინა, რომ მსგავსი ბრალდება მანამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ჰქონდათ.
“ახლა სლოვაკეთის მთავრობამ გადაწყვიტა იგივე რუსული თამაში ითამაშოს, გადაამუშაოს იგივე ტყუილი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. ამ ტაქტიკას კარგად იცნობს და არაერთხელ გამოუყენებია კრემლს იმ ადამიანების დისკრედიტაციისთვის, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მის გავლენას.“ – განაცხადა მან.
წინაისტორია
სლოვაკეთის მთავრობის მრჩეველმა და ევროპარლამენტის წევრმა ერიკ კალინიაკმა თბილისში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, მათ შორის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ ასევე განაცხადა, რომ “საქართველოში და სლოვაკეთში მიმდინარე საპროტესტო აქციები უცხოეთიდან ფინანსდება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით.”
კალინიაკმა გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მამულაშვილი სლოვაკეთის ანტისამთავრობო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორთან, ლუცია შტასელოვასთან ერთადაა გადაღებული. შტასელოვამ განმარტა, რომ ფოტო ორი წლის წინ, ბრატისლავაში გადაიღო, ტომაშ ფოროს წიგნის პრეზენტაციის ფარგლებში, სადაც მამულაშვილი ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად არის მოხსენიებული.
აღსანიშნავია, რომ სლოვაკეთში იანვრის ბოლოს ასევე დააკავეს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში ედებოდა ბრალი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული დეპორტირებულია ქვეყნიდან.
ფოტოზე: ლუცია შტასელოვა და მამუკა მამულაშვილი
ქართული ლეგიონი არის უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი, რომელიც ქართველი მოხალისეებისგან და პროფესიონალი სამხედროებისგან შედგება. ლეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეიქმნა. მისი მეთაურია პოლკოვნიკი მამუკა მამულაშვილი.
2016 წლის თებერვალში ქართული ლეგიონი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის 25-ე მოტოქვეითთა ბატალიონს და ამჟამად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს ექვემდებარება.
ქართული ლეგიონი, რომლის რიგებშიც ქართველი მოხალისეების გარდა სხვა ეროვნების წევრებიც იბრძვიან, დღეისთვის 2000-მდე სამხედროს აერთიანებს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური ძებნილთა სიაში 2023 წლის 5 ოქტომბერს შეიყვანა. მამუკა მამულაშვილი აღნიშნულს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: “საოცარია, როგორ გაუსწრეს (ქართულ) ოცნებას”.