ჩეჩნეთის ლიდერმა აშშ-ს სანქციებს ორი ტყვიამფრქვევით ხელში უპასუხა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი, მისი ცოლი და ორი ქალიშვილი ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის გამო „შავ სიაში“ შეიყვანეს.
კადიროვმა საპასუხოდ ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ტყვიამფრქვევი უჭირავს ხელში და განაცხადა, რომ „გამოწვევას იღებს“.
„სახელმწიფო დეპარტამენტი ფლობს საკმარისად სანდო ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვან უხეშ დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 წელზე მეტი ხნის წინ, წამებისა და სასამართლოს გარეშე დასჯის ჩათვლით“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში, რომელიც 20 ივლისს გამოქვეყნდა.
ასევე, აშშ-მა იმ ქვეყნებს, რომლებსაც იგივე აზრი აქვთ კადიროვზე, მოუწოდა, შეუერთდნენ ამ გადაწყვეტილებას.
• ვინ კლავს ევროპაში ჩეჩნებს, რომლებიც რამზან კადიროვს აკრიტიკებენ?
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შემზღუდავი ზომები ვრცელდება კადიროვის ცოლზე, მედნი კადიროვასა და მის ქალიშვილებზე, აიშატ კადიროვასა და კარინა (იმავე ხადიჯატ) კადიროვაზე.
რამზან კადიროვი უკვე იყო შეყვანილი ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სანქციების სიაში, რაც მას აშშ-ს ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას უკრძალავდა და ამერიკულ კომპანიებს – მასთან საქმიანი ურთიერთობების დაჭერას.
ახლა კადიროვს შტატებში შესვლაც აეკრძალა.
კადიროვისა და მოსკოვის კონტრშეტევა
საპასუხოდ, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა პომპეოს დასცინა. საკუთარ ტელეგრამარხზე მან ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც იარაღით სავსე ოთახში დგას და ხელში ორი ტყვიამფრქვევი უჭირავს.
მან განაცხადა, რომ „გამოწვევას იღებს“ და „შემდეგ უფრო საინტერესო იქნება“ და საკუთარ ჩანაწერს „სიცილაკები“ დაურთო.
ჩასარევად საკმარისად სერიოზულად ჩათვალეს ეს სიტუაცია მოსკოვში.
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია ზახაროვამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა:
„სიმეტრიული პასუხის გაცემა რთული იქნება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ“.
რაში ადანაშაულებენ რამზან კადიროვს
რუსული და საერთაშორისო მედია რეგულარულად აქვეყნებს მასალებს რამზან კადიროვის ჩართულობაზე დანაშაულთა სერიებში.
რომ შევაჯამოთ, დაახლოებით, ასეთი სია გამოდის:
• ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცება, წამება და მკვლელობა
• რესპუბლიკაში ლგბტ ადამიანების დევნა და მკვლელობა
• გროზნოში, უფლებადამცველ ნატალია ესტემიროვას მკვლელობა
• ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიასა და ბორის ნემცოვის მკვლელობები
• ევროპაში, იმ ჩეჩენი ემიგრანტების მკვლელობა, რომლებიც მას ეწინააღმდეგებოდნენ
• რუსეთის ტერიტორიაზე ჩეჩენი ბიზნესმენების რეკეტი
არც ერთი ეს ბრალდება რუსეთში არ გამოუძიებიათ.