ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი ენმ-დან გრიგოლ ვაშაძე იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ის, სავარაუდოდ, ქუთაისში იყრის მაჟორიტარად კენჭს.
„ფორმალური გადაწყვეტილება პარტიას არ მიუღია, ამიტომ ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა, დიდი ალბათობით ვიქნები ქუთაისში”, – ამბობს ვაშაძე.
გრიგოლ ვაშაძის განმარტებით, თბილისის 6 ოლქის გარდა, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმების თანახმად მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებს დააყენებს, ენმ-ს ყველა ოლქში საკუთარი კანდიდატი ეყოლება.
ამ დროისათვის ცნობილია ოპოზიციის მაჟორიტარი ექვსი კანდიდატი თბილისში – ვაკეში ელენე ხოშტარია იბრძოლებს, მთაწმინდაზე – შალვა შავგულიძე, ისანში – გიორგი ვაშაძე, ნაძალადევში – შალვა ნათელაშვილი, გლდანში – ნიკა მელია, ხოლო სამგორში – ლევან ხაბეიშვილი.
გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებშიც იყრიდა კენჭს. ის მეორე ტურში გავიდა, თუმცა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მეორე ტურში არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.
გრიგოლ ვაშაძე იყო გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც.
არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38.64% (615 433 ხმა) მიიღი, ხოლო ვაშაძემ – 37.73% (600 970 ხმა). ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 28 ნოემბერს გამართულ მეორე ტურში ზურაბიშვილმა ხმების 59.52% (1 147 627 ხმა) აიღო, გრიგოლ ვაშაძემ კი – 40.48% (780 633 ხმა).