“ქართული ოცნება” შეშფოთებულია ივანიშვილის მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადების გამო
მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ლობისტმა კომპანიამ, Hogan Lovells-მა საპასუხო წერილით მიმართა აშშ-ის იმ კონგრესმენებს, რომლებმაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს “პუტინის ახლო მოკავშირე” უწოდეს და აშშ-ს ადმინისტრაციას მის წინააღმდეგ სანქციების გამოყენების რეკომენდაციით მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ ჩანაწერი, სადაც ივანიშვილი პუტინის მოკავშირედ არის მოხსენიებული, ფაქტობრივი მტკიცებულებების გარეშეა გაკეთებული და დასავლურ ალიანსთან საქართველო თავის ისტორიაში ყველაზე ახლოს ახლა არის, რაც ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ მთავრობის დამსახურებაა.
„ქართული ოცნება გამოხატავს გარკვეულ შეშფოთებას „ქართული ოცნების“ ლიდერის და დამფუძნებლის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადების გამო. ეს კომენტარები, როგორც ჩანს, ფაქტობრივი მკტიცებულებების გარეშე გაკეთდა. ქართული ოცნება აღნიშნავს, რომ მისი ლიდერობისა და ქართული ოცნების ხელისუფლების დროს საქართველო უფრო ახლოსაა დასავლურ ალიანსთან და აშშ-სთან, ვიდრე ნებისმიერ სხვა დროს თავის ისტორიაში,“ – აღნიშნულია წერილში.
საუბარია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის “რესპუბლიკური კვლევების კომიტეტის” მიერ 9 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშზე – “ამერიკის გაძლიერება და გლობალურ საფრთხეებთან ბრძოლა”.
120 გვერდიან ანგარიშში, სადაც საუბარია ამერიკის გლობალურ მტრებზე, ანგარიშის ავტორები ითხოვენ რუსეთის, ჩინეთის და ირანის წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციების გამოყენებას, რადგან სწორედ ამ სამ ქვეყანას მიიჩნევენ აშშ-ის ყველაზე აგრესიულ მოწინააღმდეგეებად.
- ამერიკელი კონგრესმენების ანგარიში: “ივანიშვილი პუტინის ახლო მოკავშირეა”
- საქართველო ევროკავშირისგან 500 მლნ ევროს მიიღებს. დახმარება ვალდებულებების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული
- ივანიშვილის კავშირი რუსეთის მთავრობასთან, დასავლური ბიზნესის შევიწროება – რას წერენ სენატორები აშშ-ს სახელმწიფო მდივანს
დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების აუცილებლობას ეხება, საუბარია საქართველოზეც.
“ბიძინა ივანიშვილი, ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში, პუტინის ახლო მოკავშირეა და მონაწილეობს საქართველოს დესტაბილიზაციაში რუსეთის სახელით,” – წერია კონგრესმენების ანგარიშში.
ანგარიშს ხელს აწერს 13 კონგრესმენი: მაიკ ჯონსონი, ჯეკ ბერგმანი, რობ უიტმენი, უილსონი, ენ ვაგნერი, ალექს მუნი, დონ ბეკონი, ნილ დანი, ქლეი ჰიგინსი, რალფ ნორმანი, დენ ქრენშოუ, ბრაიან სტილი და მაიკლ უოლტზი.
“ქართულმა ოცნებამ” ამერიკულ ლობისტურ კომპანია Hogan Lovells-სთან 1-წლიანი ხელშეკრულება 2020 წლის 30 იანვარს გააფორმა. ხელშეკრულების თანახმად, მმართველი პარტია ლობისტური მომსახურებისთვის კომპანიას თვეში 75 ათას აშშ დოლარს უხდის.
„ქართულმა ოცნებამ“ აშშ-ში ლობისტური მომსახურების გასაწევად კომპანია 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდშიც დაიქირავა. ეს კომპანია Impact Management Group იყო, რომელსაც მმართველმა პარტიამ 320 000 აშშ დოლარი გადაუხადა.