“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ისევ ირაკლი კობახიძე იქნება. ინფორმაცია პარტიის მე-9 ყრილობაზე გახდა ცნობილი. ყრილობა სულ რაღაც 18 წუთი გაგრძელდა და მას “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე და ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მას სიტყვით არ უსარგებლია.
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის თებერვლამდეც იკავებდა, იქამდე, სანამ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას მეორედ დატოვებდა. მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის თავმჯდომარედ გადაინაცვლა, ხოლო კობახიძე – პრემიერად წარადგინეს.
2025 წლის 25 აპრილს ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ამცნო.
ამასთან, “ქართულმა ოცნებამ” პარტიის ყრილობაზე 15-კაციანი პოლიტსაბჭოც დაამტკიცა:
ბიძინა ივანიშვილი
ირაკლი კობახიძე
კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე
გიორგი ვოლსკი
თეა წულუკიანი
ვახტან გომელაური
ირაკლი ჩიქოვანი
მაკა ბოჭორიშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე
მარიამ ქვრივიშვილი
დიმიტრი სამხარაძე
სულხან თამაზაშვილი
ნინო წილოსანი
პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობის 15 წევრიდან – 10 სავარაუდოდ, MEGOBARI Act-ით განსაზღვრული სანქციების სამიზნე გახდება, მისი საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ.
ჯო უილსონის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან შესაძლო სანქციები ემუქრებათ: ირაკლი კობახიძეს, კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს, მამუკა მდინარაძეს, თეა წულუკიანს, ვახტანგ გომელაურს, მაკა ბოჭორიშვილს, დიმიტრი სამხარაძეს, სულხან თამაზაშვილსა და ნინო წილოსანს.
“არჩევნებისთვის სამზადისი უკვე დაწყებული გვაქვს და რამდენიმე კვირაში უკვე ოფიციალურად გაიხსნება ჩვენი კამპანია. პარტია სრულად იქნება მობილიზებული მე-10 საიუბილეო გამარჯვებისთვის. ეს გამარჯვება იქნება კიდევ უფრო ძლიერი, წელში გამართული, უფრო განვითარებული საქართველოსი. ქართველი ხალხის მხარდაჭერით მოვიგებთ მერის და საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში.
ქართული პოლიტიკიდან რადიკალების ჩამოშორების შემდეგ, რაც ძალიან მალე მოხდება, ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ სიძულვილს, დავიბრუნებთ გზასაცდენილ თანამოქალაქეებს და გავაერთიანებთ ჩვენს საზოგადოებას.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.