ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა
ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა
ნონა გაფრინდაშვილსა და NETFLIX-ს შორის სასამართლო დავა მორიგებით დასრულდა, მორიგების ინიციატორი კი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ ტელევიზია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემები Variety და Hollywood Reporter-ი ავრცელებენ.
მორიგების დროს მხარეები სასამართლოს გარეშე, დახურულ კარს მიღმა თანხმდებიან. მორიგების დეტალები ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.
● “თუ მოუგე, კაცები ბრაზდებიან და გეუბნებიან, რომ გამომწვევად გეცვა” – მოჭადრაკე ქალი საკუთარ პროფესიაზე ჰყვება
● 11 ვებ-გვერდი, რომელიც გასწავლის
● როდესაც მხატვრები ავად ხდებიან
რა მოხდა
2021 წელს მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა ნონა გაფრინდაშვილმა Netflix–ს უჩივლა სერიალ The Queen’s Gambit-ში ნათქვამი ტექსტის გამო, რომ მას არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ.
The Queen’s Gambit-ის ბოლო სერიაში – End Game–ში – მოსკოვის საჭადრაკო ტურნირის კომენტატორი მთავარ პერსონაჟზე საუბრისას ამბობს:
“ერთადერთი უცნაური რამ მის შესახებ მისივე სქესია, თუმცა რუსეთში მას ეს უნიკალურად არ აქცევს. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, თუმცა ის არის ქალი მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ”.
ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს იურიდიული კომპანია BLB იცავს. მათი განმარტებით, ბრალდება, რომ გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ არის ცხადი ტყუილი, ასევე, უკიდურესად “სექსისტური და დამამცირებელი.”
“1968 წლისთვის, ანუ მაშინ, როდესაც ეპიზოდში მოქმედება ხდება, მას სულ მცირე 59 კაცი მოჭადრაკის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში ჩატარებული, მათ შორის სულ მცირე ათი დიდოსტატი იყო”, – წერია სარჩელში.
მოგვიანებით Netflix-მა სასამართლოში შუამდგომლობა შეიტანა და სარჩელის განხილვის შეჩერება მოითხოვა, თუმცა კალიფორნიის სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.