ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 60 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციაზე მოდის
ნოემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილები
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების 60.66% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 316.14 მილიონი დოლარი, რაც 819.11 პროცენტით მეტია 2021 წლის ნოემბერთან შედარებით.
მთლიანობაში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 521.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 151.4 პროცენტით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
- რუსეთის ფედერაცია – $316.14 მლნ;
- იტალია – $35.74 მლნ;
- აშშ – $28.78 მლნ;
- ყირგიზეთი – $19.54 მლნ;
- საბერძნეთი – $18.66 მლნ;
- ისრაელი – $17.21 მლნ;
- გერმანია – $15.39 მლნ;
- ყაზახეთი – $10.59 მლნ;
- თურქეთი – $8.68 მლნ;
- ესპანეთი – $4.57 მლნ;
● გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება – TI
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● ტოპ ხუთი პროდუქტი, რომელსაც საქართველო რუსეთში ყიდის და რუსეთისგან ყიდულობს
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ფულადი გზავნილები ისტორიულ მაქსიმუმზეა – 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ 3 მილიარდ 316 მილიონამდე დოლარი ფულადი გზავნილი მიიღო, რაც გასული წლის ჯამურად მიღებულ გზავნილებს 41 პროცენტით აღემატება.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აზიის განვითარების ბანკი (ADB) პროგნოზირებდა, რომ უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილები შემცირდებოდა, თუმცა საქართველოში რუსეთიდან მიგრანტების მზარდი ნაკადის პარალელურად, ტენდენცია საპირისპიროდ განვითარდა.
PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში რუბლს გზავნის, დოლარში ახურდავებს, უცხოურ ვალუტას რუსეთში აბრუნებს და მოგების მიზნით შავ ბაზარზე ყიდის.
ორგანიზაციის განმარტებით, ეს ფაქტორი, შესაძლოა, რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილების მკვეთრი მატების მიზეზი იყოს. სწორედ რუსეთიდან გაზრდილ გზავნილებს ასახელებს ეროვნული ბანკი ლარის გამყარების ერთ-ერთ მიზეზად.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა.
ამავე რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2 პროცენტი ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3 პროცენტით მეორე ადგილზე სომალია; მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული.