საქართველო ნატოს წვრთნებისთვის ემზადება
26 ივლისს საქართველოში უკვე მეათედ დაიწყება ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile Spirit ( “მტკიცე სული” ).
სწავლებაში ნატოს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის შეიარაღებული ძალების 2500-მდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
Agile Spirit -ის წვრთნები საქართველოში პირველად 2011 წელს ჩატარდა.

ამ სწავლების დევიზია – „ძალა პარტნიორობაშია“.
წვრთნების მიზანია პარტნიორი ქვეყნების სამხედრო ძალები ნატოს სტანდარტებს დაუახლოვოს და ასევე უსაფრთხოების სფეროში რეგიონული თანამშრომლობა გააღრმავოს.
ასევე, ამ მანევრების გავლის შემდეგ, სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანი ცოდნა უგროვდებათ.
წელს სამხედროები სამეთაურო და საველე წვრთნებს გაივლიან. წვრთნები 26 ივლისს დაიწყება და 6 აგვისტომდე გასტანს. წვრთნები საქართველოში სამ წერტილში – სენაკში, ორფოლოში და ვაზიანში გაიმართება.
_____________________________________________________________________________
● საქართველო ნატოს წვრთნებს მასპინძლობს. ფოტორეპორტაჟი
● ნატო-ს გენერალური მდივანი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, ჩარევის უფლება არავის აქვს
● ნატო-ს საბრძოლო ხომალდები საქართველოშია
_____________________________________________________________________________
წვრთნებში მონაწილეობისთვის საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან სამხედროები ჩამოდიან, ასევე საჰაერო და საზღვაო გზით მოემართება სამხედრო ტექნიკა.
როგორც საქართველოს თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, ფოთის პორტში უკვე შემოვიდა სატვირთო გემი OBIRIX-ი, რომელმაც საქართველოში ბრონირებული ჰამერები ჩამოიყვანა.
სამხედრო წვრთნები აშშ-თან და ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლება არ ჩატარებულა.