"ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მუშაობას წყვეტს და ქუჩის აქციებს იწყებს
“ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო მუშაობას წყვეტს
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლომ სასჯელი არ გადაუვადა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ენმ-ს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით “ქართულ ოცნების თანამდებობის პირებს არ ექნებათ არანაირი მოსვენება”. პარტიის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ მან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და თქვა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ასევე, პარტია იწყებს ქუჩის აქციებს და აქციებს მმართველი პარტიის წევრების სახლებთან.
“მე მივმართავ ნაციონალური მოძრაობის რაიონული საქალაქო ორგანიზაციის პარტიის თავმჯდომარეებს, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებს, წევრებს და ხვალ ყველას ველოდებით დედაქალაქში. მთავარი საპროტესტო ცენტრი იქნება დედაქალაქი. ასევე, დაიგეგმება რეგიონებში აქტიურობები. ასევე, ნაციონალური მოძრაობა აღარ აპირებს საპარლამენტო ცხოვრებაში მონაწილეობის მიღებას. ვაპირებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს, ელჩებთან იმასთან დაკავშირებით, რომ გააძლიერონ წნეხი რუსულ ოცნებაზე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის. ასევე დღეს გვექნება კონკრეტული აქტივობები და ეს აქტივობები გვექნება ყოველდღიურად” – თქვა მან.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები დღეს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მივლენ. ეს პარტიის წევრმა გიორგი ჩალაძემ ბრიფინგზე თქვა.
“ამიტომ ახლა დროა დავირაზმოთ, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავლისთვის. ნახევარ საათში შემდეგი ნაბიჯი გამოცხადდება და იქნება ღარიბაშვილის სახლთან.”– განაცხადა ჩალაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ის ეცდება აღდგეს ყველა ჩატეხილი ხიდი, ენმ-სა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის:
“მიხეილ სააკაშვილის გარშემო კონსოლიდაცია, ჩვენი მეცადინეობით ადვილი აღარაა. მე დარწმუნებული ვარ დღეს აქ ძალიან ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერი იქნებოდა, ჩვენ რომ არ შეგვერცხვინა საკუთარი თავი. მაგრამ მე პირობას ვაძლევ პარტიის ამომრჩეველს, რომ ჩემი მოქალაქეობრივი ვალია, ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად, როგორც სხვების მოვალეობაცაა და ამას არ სჭირდება პარტიული თანამდებობა.”
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● იქნება თუ არა “მაგნიტსკის აქტის” ანალოგი სააკაშვილზე? ნაციონალურმა მოძრაობამ სიაზე მუშაობა დაასრულა
● სააკაშვილის წერილი WSJ-ში: დასავლეთს შეუძლია გადაარჩინოს ჩემი სიცოცხლე
მესამე პრეზიდენტის ოჯახის წევრები და ადვოკატები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან სასჯელისგან გათავისუფლებას ითხოვდნენ და ამ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართეს.
მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს დაეწყო სწრაფი კახექსიის პროცესი. მე-4 ხარისხის კახექსიით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ომბუდსმენის კონსილიუმის დასკვნაშიც არის შეფასებული და აღნიშნულია, რომ ის სხვა ქვეყნის მრავალპროფილურ კლინიკაშია გადასაყვანი.
გასული წლის 29 დეკემბერს, სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ტოქსიკოლოგი, დევიდ სმიტი დაკითხეს. მისი თქმით, საქართველოს ექსპრეზიდენტი მძიმე მეტალებით კლინიკა “ვივამედში” გადაყვანამდე, ციხეში მოწამლეს.
ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა თქვა, რომ მან განიხილა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ჩანაწერები და ლაბორატორიული ტესტების შედეგები. ასევე, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები. გარდა ამისა, ექსპრეზიდენტის გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და აგრეთვე, 170-გვერდიანი დასკვნა.