"ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო მუშაობას უბრუნდება
ნაციონალური მოძრაობა ბოიკოტს წყვეტს
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ბოიკოტს წყვეტს და საპარლამენტო მუშაობაში ერთვება. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ისაუბრა.
დეკანოიძის თქმით, ფრაქცია საგაზაფხულო სესიის მუშაობაში ჩაერთვება, ამის მიზეზი კი ის არის, რომ “ქვეყანა უმძიმესი გამოწვევის წინაშეა.”
“მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპყრობილეში, რეჟიმის მიერაა დატყვევებული. ჩვენ მიგვაჩნია და საერთაშორისო საზოგადოება ამაზე ჩამოყალიბებულია, რომ მისი საპყრობილეში ყოფნა რეჟიმის და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიებაა. ამიტომ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება რეჟიმის საჯარო მხილება, როგორ ეპყრობა მას რეპრესიული ინსტიტუტების გამოყენებით რეჟიმი. სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
● დაუსრულებელი მცდელობა: საქართველო ევროპაში საკუთარი ალაგის ძიებაში
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ “ნაციონალურმა მოძრაობამ” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა და მანდატების გაუქმება მოითხოვა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები გააყალბა.
ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი 7 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რაც საბოლოოდ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტით დასრულდა, რომლის მიხედვით, თუ მმართველი პარტია თვითმმართველობის არჩევნებში 43%-ს ვერ გადალახავდა, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო. ოპოზიცია პარლამენტში შევიდა, “ქართულმა ოცნებამ” კი ბარიერი გადალახა და ადგილობრივ არჩევნებში 46,68% მიიღო.
თუმცა, პარლამენტში შესვლიდან ერთ თვეში, 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი მოვლენების შემდეგ, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ისევ ბოიკოტი გამოაცხადა.