ტელეკომპანია მთავარი: ოქუაშვილის მიერ შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, ამ ეტაპზე ყველა გადაცემა შეჩერდა
მთავარი არხი გაჩერდა
მთავარი არხი ტელეკომპანიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ყველა გადაცემა შეჩერებულია, მიზეზად კი ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებენ.
“არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო ამ ეტაპზე შეჩერდა ყველა გადაცემა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა და ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები.
გადაცემები, რომლებიც ვერ გავა ეთერში:
- საინფორმაციო გამოშვებები
- სპეც-ეთერები
- პოსტ-ფაქტუმი
- მთავარი შაბათს
- დღის სტუმარი
- განსხვავებული აქცენტები
- ღამის მთავარი
- შენი დილა
- შენი შუადღე
- შენი შუაღამე
- ლიტერატურული სამკუთხედი
- მთავარი მსოფლიოში
ამ დროისთვის “მთავარი არხის” ეთერში გადის მხოლოდ ჩაწერილი გადაცემები, ძველი პროგრამების გამეორებები, სერიალები და ფილმები.
ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ ალტერნატიული სახსრები სრულყოფილი ეთერის აღსადგენად”, – ნათქვამია მთავარი არხის განცხადებაში.
არხის დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს, რომ მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
“ახსნა მარტივია: მთავარ არხს ფული აქვს და მის ხარჯვას აჩერებს ოქუაშვილი.
გარდა იმისა, რომ ჟურნალისტები, ოპერატორები, ტექნიკური სტაფი და ყველა სხვა ხელფასს ვერ იღებს, არხი მილევად რეჟიმშია – მიუხედავად იმისა, რომ არხს ფული აქვს, ოქუაშვილი ბლოკავს გადარიცხვებს:
კომუნალურს
ინტერნეტის
ტექმომსახურების
ტრანსპორტირების
სატელიტის
ანძის
რეიტინგის
შესყიდვების
ყველა დანარჩენს
ეს ყველაფერი ნელნელა ითიშება.
არხს არ აყიდინებენ რეკლამას.
აბა, არხის დახურვა კაბელის გადაჭრა ან ომონის შევარდნა კი არ არის მხოლოდ.
მაღლა მზე იქნება და მთავარის გუნდი ისევ მოგესალმებათ ეთერიდან. ეჭვი არ მეპარება საერთოდ!”
ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური არხის, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ 11 დეკემბერს გააკეთა განცხადება, რომ არხის ერთ-ერთ დამფუძნებელს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს მიზანმიმართულად მიჰყავს არხი დახურვამდე და ამისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
გაბუნიას თქმით, რამდენიმე თვის წინ ოქუაშვილმა არხზე დირექტორად მიავლინა მისი ანდობით აღჭურვილი პირი, გოგი ქურდაძე, რომელიც მიზანმიმართულად აფერხებს არხის მუშაობას – ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას კომპანიაში და უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე.
მისივე განმარტებით, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოქუაშვილი მოქმედებს ან უშუალოდ “ქართულ ოცნებასთან” შეთანხმებით ან მასთან სავაჭროდ იყენებს “მთავარ არხს”. გაბუნიას თქმით, ჟურნალისტები იბრძოლებენ და სადამდეც შეეძლებათ, იქნებიან ეთერში, თუმცა მისივე თქმით, ამ კრიზისის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არხზე შექმნა, ეს რთული იქნება.