მოსამართლე ნინო სახელაშვილმა "ბათუმელების" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გაზიარება
გაზიარება
მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, მედიამენეჯერს მზია ამაღლობელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამაღლობელი გაზეთ “ბათუმელებისა” და ონლაინ გამოცემა “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და მმართველია.
მოსამართლე სახელაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხრიდან მომეტებულად აფასებს განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს. მის გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში პროტესტი მოჰყვა. სახელაშვილმა წინასასამართლო სხდომა 4 მარტს ჩანიშნა.
მზია ამაღლობელს ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
“ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს სხდომათა დარბაზში ეკავა მარია რესას წიგნი “როგორ დავამარცხოთ დიქტატორი”
მზია ამაღლობელი 12 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსით მას შემდეგ დააკავეს, როცა მან არაერთგზის შეურაცხყოფის შემდეგ სილა გააწინა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
11-12 იანვრის საღამოს ამაღლობელი ორჯერ დააკავეს. პირველად – საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვირს გამო, რომელზეც ეწერა – “იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე”. აქციაზე ამაღლობელი მეგობრის, ციალა ქათამიძის დაკავების შემდეგ მივიდა.
ამაღლობელი პირველი დაკავებიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ის მის საგულშემატკივროდ მისულ ადამიანებს, ახლობლებს ესაუბრებოდა, რა დროსაც პოლიციამ უმიზეზოდ დააკავა ჯერ მისი ერთი ახლობელი, შემდეგ – მეორე. პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებების გამო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაიწყო დაპირისპირება. სწორედ ამ დროს დააკავეს მზია ამაღლობელი მეორედ.
დაკავებიდან 3 საათის განმავლობაში მასთან არ უშვებდნენ ადვოკატს. მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდეგ ადგილი ჰქონდა მის მიმართ არასათანადო მოპყრობას.