მოლდოვა: დისერტაციებით ვაჭრობა
Ziarul de Gardă-ს მასალა
მოლდოვის რესპუბლიკაში დისერტაციების დაკვეთით წერა ბიზნესის ერთ-ერთ მზარდ სახეობას წარმოადგენს. ინტერნეტში ძალიან ადვილად შეიძლება შესაბამისი შემოთავაზებებისა და ამ განცხადებების „თანმდევი“ ინფორმაციის პოვნა. მიუხედავად იმისა, რომ პლაგიატი და დისერტაციის გაყიდვა კანონით იკრძალება, სამართლებრივი უწყებები შესაბამის ზომებს არ იღებენ და არ იკვლევენ ამ ფენომენს. სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ იმ ადამიანების გამოსავლენად, რომლებიც ამ საკამთო და არალეგალურ ბიზნესში არიან ჩართულნი.
ინტერნეტი სავსეა განცხადებებით, რომლებშიც „მწერლები“ სტუდენტებს სხვადასხვა სპეციალობისა და ტიპის დისერტაციებს სთავაზობენ (მ.შ. სემესტრულ ნაშრომს, ლიცენციატის ხარისხის მოსაპოვებელ ნამუშევარსა და სამაგისტრო დისერტაციას). ნაშრომის ფასი და დაწერის დრო სხვადასხვა გარემოებაზეა დამოკიდებული. “გამყიდველების“ სიტყვებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი გამოცდილი ადამიანები არიან და კლიენტების დეფიციტს არ განიცდიან.
ერთი დისერტაციის ფასი 150 ევროდან იწყება
დისერტაციის შეკვეთა ძალიან ადვილია. „გუგლში“ ათობით განცხადებას იპოვით, რომელთაგანაც იმ შემოთავაზებას შეარჩევთ, რომელიც გჭირდებათ. როგორც წესი, „გამყიდველები“ ინტერნეტში ტელეფონების ნომრებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებსა და „სკაიპის“ ID-ებს უთითებენ ხოლმე. ზოგიერთ შემთხვევაში, საჭიროა ერთგვარი ანკეტის შევსება, სადაც დამკვეთმა პირადი მონაცემები და ის თემა უნდა მიუთითოს, რომელიც დისერტაციისთვის შეირჩა. ამის შემდეგ დაახლოებით 5 წუთში ელექტრონული ფოსტით იღებ საპასუხო წერილს, რომელშიც მითითებულია ნაშრომის ღირებულება და ის ვადები, რომლებშიც ეს ტექსტი შეიძლება დაიწეროს. თუკი მათი პირობები გაკმაყოფილებთ, უბრალოდ ტელეფონით უნდა დაადასტუროთ შეკვეთა და ნამუშევრის ფასის 25% უნდა გადაიხადოთ, რის შემდეგაც შეგიძლიათ, დისერტაციაზე აღარ იდარდოთ. ნაშრომის მწერლები, პირველ რიგში, ადგენენ სამუშაო გეგმას, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუკი ამას ხარისხის მაძიებლის დისერტაციის ხელმძღვანელი მოისურვებს. ამის შემდეგ ნაშრომს წერენ და სრულად აფორმებენ. სტუდენტს კი მხოლოდ ამ ნაწერის შესწავლა და კომისიის წინაშე დაცვა უწევს. სინამდვილეში, მოლდოვის რესპუბლიკაში სხვისი ნაშრომის მითვისება ძალიან მარტივ პროცედურას წარმოადგენს.
მთლიანობაში, სემესტრული ნაშრომი, როგორც წესი, ათ დღეში იწერება და მისი ფასი 150 ევროდან იწყება. ლიცენციატის ხარისხის მაძიებლის დისერტაცია ორ კვირაში მზადდება და დაახლოებით 200 ევრო ღირს, სამაგისტრო ნაშრომი კი მეტწილად ერთ თვეში იწერება და მისი ფასი 250 ევროდან იწყება. იმ შემთხვევაში, თუკი დამკვეთს სასწრაფოდ სჭირდება ნაშრომი, დისერტაციებით მოვაჭრეები ნამუშევარს 1-4 დღეში მიაწვდიან, მაგრამ ასეთ შემთხვევაში დამკვეთს უფრო მეტის გადახდა მოუწევს.
ყველაფერი „ლეგალურად“ კეთდება
“გამყიდველები“ კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევიან. . მხარეები ერთგვარ კონტრაქტსაც კი აფორმებენ, რომელშიც შემსრულებელი ნაშრომის უნიკალურობისა და „ანტიპლაგიატის“ სისტემის შემოწმების გარანტიას იძლევა. ამას გარდა ხელშეკრულებაში გაწერილია შეკვეთის შესრულების ვადები და ავანსად გაცემული ანაზღაურების ოდენობა. სხვა შემთხვევებში ავსებენ ქვითარს, რომელზეც წინასწარ გადახდილი თანხაა მითითებული. შეკვეთების მიმღები გოგონა აცხადებს, რომ ქვითარში მისი პასპორტის მონაცემებიც მითითებულია და ყველაფერი კანონის ფარგლებში რჩება. იგი ამტკიცებს, რომ კლიენტის სახელი იმ ადამიანმაც კი არ იცის, რომელიც დისერტაციას წერს, კონფიდენციალურობა კი გარიგების ძლიერ მხარეს წარმოადგენს.
დისერტაციის ავტორი უფასოდ მუშაობს იმ ცვლილებებზე, რომლებიც ნამუშევრის სამეცნიერო ხელმძღვანელისთვის წარდგენის შემდგომ უნდა გაკეთდეს. როგორც წესი, დისერტაციის ჩრდილში ყოფილი მასწავლებლები დგანან – კვალიფიკაციაშეცვლილი სპეციალისტები, რომლებიც პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ეწევიან და ახლა შეკვეთით წერენ დისერტაციებს.
კურსდამთავრებული საკუთარ დისერტაციას ყიდის
ინგლისური ენის პედაგოგმა და მთარგმნელმა 2010 წელს ლიცენციატის ხარისხი მოიპოვა, 2012 წელს კი სამაგისტრო დისერტაცია დაიცვა და ორივე შემთხვევაში 10 ქულა დაიმსახურა. ამჟამად ის თავის დისერტაციას 150 ევროდ ყიდის. მისი თქმით, ამას იმ ადამიანების დასახმარებლად აკეთებს, რომლებიც ნაშრომის წერას ვერ ახერხებენ. იგი ირწმუნება, რომ ნაშრომი უმაღლესი ხარისხისაა და თავისი ნათქვამის დასამტკიცებლად აღნიშნავს, რომ ეს დისერტაცია 10 ქულით შეფასდა. ამავდროულად, იგი აცხადებს, რომ მზადაა თავის ნაშრომში გარკვეული შესწორებებიც შეიტანოს იმ შემთხვევაში, თუკი ამას სამეცნიერო ხწლმძღვანელი მოითხოვს. თუმცა, იგი დარწმუნებულია, რომ მის დისერტაციაში შეცდომები არ არის.
ამას გარდა, „გამყიდველი“ აცხადებს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც 2010 წელს მუშაობდნენ და კომისიის კოლეგიაში შედიოდნენ, დიდი ხანია, აღარ ასწავლიან, ამიტომ ამ ნაშრომს ვერავინ ამოიცნობს. ამას გარდა, მისი მტკიცებით, იმ პერიოდის შემდეგ არაერთი ნაშრომი იქნა წარდგენილი, ძველი ნამუშევრები კი დავიწყებას მიეცა. ჩვენს დასარწმუნებლად იგი ამბობს, რომ დისერტაციის შეძენის საუკეთესო ვარიანტს უკვე „გამოყენებული“ ნაშრომი წარმოადგენს, რომელიც მაღალი ნიშნით შეფასდა. შეკვეთით დაწერილი დისერტაცია კი კარგი ნიშნის მიღების გარანტიას არ იძლევა.
დისერტაციის ყიდვით პროფესიონალი ვერ გახდები
ნიკოლაი ტესტემიცანუს სახელობის მედიცინისა და ფარმაციის უნივერსიტეტის აღწერილობითი ანატომიის კათედრის გამგე, ჰაბილიტირებული დოქტორი, დოცენტი ილია კატერინიუკი აცხადებს, რომ დისერტაციის ყიდვით მომავალი ექიმები პროფესიონალებად ვერ ჩამოყალიბდებიან. «ანატომიის კათედრაზე ასეთი ხერხები არ ჭრის. თითოეული მაძიებლისგან პრაქტიკულ სამუშაოს ვითხოვთ, რომელიც ანატომიურ მასალაზე უნდა შესრულდეს. ამ შემთხვევაში კი, უბრალოდ, შეუძლებელია „შესაბამისი“ ფოტოების „გადმოკოპირება“. დისერაციის დაცვის დროს ჩვენ ვხედავთ, ვინ რას ამტკიცებს. მხოლოდ ერთი რამეს მინდა გავუსვა ხაზი: მედიცინაში დისერტაციის ყიდვა არ ჭრის», – ამტკიცებს ის.
მოლდოვის აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მეურნეობის კათედრის გამგე, დოქტორი, დოცენტი იაკიმ გუმენიუკი აცხადებს, რომ ის სტუდენტები, რომლებთაც შრომა არ სურთ, ყველაზე მარტივ გზას მიმართავენ და დისერტაციებს ყიდულობენ ხოლმე. «დისერტაციის (როგორც ლიცენციატის, ისე სამაგისტრო) ნაშრომის ყიდვა სტუდენტის ინტელექტუალურ ზრდას აფერხებს და უარყოფითად მოქმედებს მის პროფესიულ მომავალზე. მე, როგორც პედაგოგი და როგორც კათედრის გამგე, ძალიან ადვილად ვცნობ იმ სტუდენტებს, რომლებიც თავად წერენ ნაშრომებს და იმ მაძიებლებს, რომლებიც დისერტაციების ტექსტებს ყიდულობენ. ოთხი წლის განმავლობაში მიწევს მუშაობა თითოეულ სტუდენტთან და ვიცი, ვის რა შესაძლებლობები აქვს. კარგად ვხედავ, რა ცოდნით ასრულებს ხარისხის მაძიებელი სწავლას. სტუდენტს, რომელიც დიპლომის დასაცავად დისერტაციას ყიდულობს, სპეციალისტს ვერ უწოდებ. ის, უბრალოდ, დიპლომის მქონე ადამიანია. ამასთან, არსებობს პლაგიატის აღმოჩენის სისტემა, რომლითაც ყველა ნაშრომი მოწმდება. პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის გარეშე მაძიებლები ხარისხის დაცვის პროცესზე არ დაიშვებიან», – ამბობს პროფესორი.
დისერტაციის გაყიდვა უკანონო საქმიანობას წარმოადგენს
.ადვოკატი დენის დობრიოგლო აცხადებს, რომ დისერტაციის გაყიდვა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას წარმოადგენს და ამ ქმედების ჩამდენი პირები, შესაძლოა, პასუხისგებაში მიეცნენ.
«ის პირები, რომლებიც დისერტაციებით ვაჭრობენ, შესაძლოა, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიეცნენ და, ამ შემთხვევაში, მათ ჯარიმის სახით 700 ლეის გადახდა მოუწევთ. ის პირები (კერძოდ კი სტუდენტები), რომლებიც დისერტაციებს ყიდულობენ, შესაძლოა, პლაგიატორობაში ამხილონ. ანუ საუბარია ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტზე. ასეთ შემთხვევებში დისერტაცია, ისევე როგორც ამ დოკუმენტის მეშვეობით მიღებული დამსახურებები, მთლიანად ანულირდება», – აცხადებს ადვოკატი.
რას ამბობს განათლების სამინისტრო
განათლების სამინისტრო ირწმუნება, რომ საუნივერსიტეტო ავტონომია და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. გაყალბებისა და პლაგიატის შემთხვევების აღმოსაფხვრელად კი განათლების სამინისტროს დონეზე საუნივერსიტეტო ეთიკისა და მენეჯმენტის კონსილიუმი შეიქმნა, რომელსაც დარღვევების ფაქტების გამოვლენა და გამოძიება ევალება. გარდა ამისა, კონსილიუმმა ხელისუფლებას სანქცირების ის მეთოდები (ფინანსების შემცირება, ან სრული გაუქმება; უმაღლესი სასწავლების რეორგანიზაცია, ან სრული ლიკვიდაცია) უნდა შესთავაზოს, რომელიც კონკრეტული დამრღვევი სასწავლებლის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მტკიცებით, უნივერსიტეტებში არსებული პლაგიატის აღმოსაჩენად სხვისი ნაშრომის მითვისების ფაქტის დამდგენი სპეციალური პროგრამა შეიძინეს. დამტკიცდა წესები, რომელთა მიზანსაც პლაგიატის შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს. გამოცდების სესიების დროს სტუდენტი კომპიუტერული ტექნოლოგიების საშუალებით ფასდება. ამ რეგულაციების შესაბამისად, ლიცენციატისა და მაგისტრის ხარისხის მისაღებად საჭირო დისერტაციები სპეციალურად მოწმდება. თავის მხრივ, სტუდენტი ხელს აწერს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ ის თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას.
განათლების სამინისტრო აღიარებს, რომ დისერტაციის ყიდვა და პლაგიატის შემთხვევები განათლების დონეს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
განათლების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2015 წელს უმაღლესი სასწავლებლები 23.260-მა ადამიანმა დაამთავრა. და არავინ იცის, რამდენმა კურსდამთავრებულმა მოიპოვა აკადემიური ხარისხი შეკვეთით დაწერილი დისერტაციებით.
Ziarul de Gardă-ს მასალა