“რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს ცნობით, მოკვდა უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართული წარმოშობის რუსი სამხედრო არსენ ფიცხელაური, რომელიც 205-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადაში იბრძოდა და რომელიც, სავარაუდოდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში მონაწილეობდა.
პირველად ფიცხელაურის სიკვდილის შესახებ ცნობა 28 სექტემბერს გავრცელდა ტელეგრამ-არხზე “НЕ ЖДИ меня из Украины”. ამის შემდეგ, ამავე არხზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, ფიცხელაურის საფლავის ფოტო. საფლავი მდებარეობს ნიჟნი ალექსანდროვკაში, სტავროპოლის მხარეში. ფოტოში ჩანს სიკვდილის თარიღიც – 17.09.2023, ასევე აღმართული დროშა, რომელიც რუსული და ქართული დროშების კომბინაციაა.
უცნობია, იყო თუ არა არსენ ფიცხელაური საქართველოს მოქალაქე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კახოვკის ჰესის აფეთქებისას ობიექტზე ქართული წარმოშობის სამხედრო, არსენ ფიცხელაური, მეტსახელად “გრუზინიც” იყო. გამოძიება “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახურის პროექტ Схеми-სა და სააგენტო Слідство.Інфо-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს.
ფიცხელაურთან დაკავშირებით გამოძიება წერს, რომ, ფოტოების ანალიზის საფუძველზე, ის აქტიურად მონაწილეობდა ხერსონის რეგიონის ოკუპაციაში. რამდენიმე ფოტოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ფიცხელაური კახოვკის ჰესთან დგას. ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც თავადაც ოკუპანტია, დაუდასტურა, რომ ფიცხელაური და 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვა-კახოვკაში რჩებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კაშხლის განადგურეbის შედეგ ფიცხელაური რუსეთში დაჯილდოებისთვის მიიხმეს.
6 ივნისის ღამეს განადგურდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მდებარეობდა.
დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.