Эхо Кавказа: მოკვდა არსენ ფიცხელაური, რომელიც სავარაუდოდ კახოვკის ჰესის აფეთქებაში მონაწილეობდა
მოკვდა არსენ ფიცხელაური
“რადიო თავისუფლების” რუსული ბიუროს ცნობით, მოკვდა უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ქართული წარმოშობის რუსი სამხედრო არსენ ფიცხელაური, რომელიც 205-ე ცალკეული მოტომსროლელთა ბრიგადაში იბრძოდა და რომელიც, სავარაუდოდ, კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებაში მონაწილეობდა.
პირველად ფიცხელაურის სიკვდილის შესახებ ცნობა 28 სექტემბერს გავრცელდა ტელეგრამ-არხზე “НЕ ЖДИ меня из Украины”. ამის შემდეგ, ამავე არხზე გამოქვეყნდა, სავარაუდოდ, ფიცხელაურის საფლავის ფოტო. საფლავი მდებარეობს ნიჟნი ალექსანდროვკაში, სტავროპოლის მხარეში. ფოტოში ჩანს სიკვდილის თარიღიც – 17.09.2023, ასევე აღმართული დროშა, რომელიც რუსული და ქართული დროშების კომბინაციაა.
უცნობია, იყო თუ არა არსენ ფიცხელაური საქართველოს მოქალაქე.
● სანაპიროსთან მოცურდა დივანი, რომელშიც ნაღმი იდო – რა იქნება კახოვკის ჰესის განადგურების შემდეგ
● უკრაინის ომის შემდეგ საქართველოს ეკონომიკა სულ უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. ციფრები და ანალიზი
● ზელენსკი: ყველა ევროპული ქვეყანა, რომელიც ესაზღვრება რუსეთს და არ უნდა რუსეთი, უნდა გახდეს ევროკავშირისა და NATO-ს წევრი
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კახოვკის ჰესის აფეთქებისას ობიექტზე ქართული წარმოშობის სამხედრო, არსენ ფიცხელაური, მეტსახელად “გრუზინიც” იყო. გამოძიება “რადიო თავისუფლების” უკრაინული სამსახურის პროექტ Схеми-სა და სააგენტო Слідство.Інфо-ს ჟურნალისტებმა ჩაატარეს.
ფიცხელაურთან დაკავშირებით გამოძიება წერს, რომ, ფოტოების ანალიზის საფუძველზე, ის აქტიურად მონაწილეობდა ხერსონის რეგიონის ოკუპაციაში. რამდენიმე ფოტოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ფიცხელაური კახოვკის ჰესთან დგას. ჟურნალისტებს ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, რომელიც თავადაც ოკუპანტია, დაუდასტურა, რომ ფიცხელაური და 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვა-კახოვკაში რჩებიან. მან ასევე აღნიშნა, რომ კაშხლის განადგურეbის შედეგ ფიცხელაური რუსეთში დაჯილდოებისთვის მიიხმეს.
6 ივნისის ღამეს განადგურდა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ქალაქ ნოვაია კახოვკაში, საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში მდებარეობდა.
დაიტბორა 80-მდე დასახლებული პუნქტი, რომელთა ნაწილი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნაწილი კი უკრაინის კონტროლის ქვეშ. უკრაინულ სახელმწიფო ენერგოკომპანია „უკრჰიდროენერგოში“ აცხადებენ, რომ ჰიდროელექტროსადგური მთლიანად განადგურდა და მისი აღდგენა შეუძლებელია.