მმართველი პარტია საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის
ელექტრონული არჩევნები
მმართველი პარტია „ქართული ოცნება” საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა საარჩევნო უბნების უმრავლესობაში ელექტრონული აპარატურის გამოყენებით მოხდება. მისივე განმარტებით, ელექტრონული არჩევნები ჩატარდება ყველა ქალაქსა და მსხვილ დასახლებულ პუნქტში, რაც ამომრჩეველთა, სულ მცირე, 70%-ს მოიცავს.
“ელექტრონული ხმის მიცემა საბოლოოდ გაამყარებს ამომრჩეველთა ნდობას ხმის დათვლის პროცესის მიმართ, აღმოფხვრის საარჩევნო ოქმებში დისბალანსის პრობლემას, სამუდამოდ დაასრულებს სპეკულაციას ე.წ. საარჩევნო კარუსელებთან დაკავშირებით, უზრუნველყოფს ამომრჩეველთა 70%-ზე მეტის ხმების დათვლასა და შედეგების გამოქვეყნებას კენჭისყრის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში. ასევე მოხსნის ეგზიტპოლებისა და პარალელური დათვლის, ე.წ PVT-ს გაყალბებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, “ქართული ოცნების” ამ ინიციატივას უახლოეს დღეებში მიეცემა კანონპროექტის სახე, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობასთან, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და ექსპერტებთან კონსულტაციის საფუძველზე გადაიდგმება პრაქტიკული ნაბიჯები საარჩევნო ცენტრების ელექტრონული აპარატურის აღჭურვისთვის.
“ინიციატივა არ მოიცავს ხმის დისტანციურად მიცემას, მათ შორის, არც ემიგრანტების მიერ, რადგან, ეს ბევრ რისკთანაა დაკავშირებული.” – განმარტა კობახიძემ.
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
● “ნაციონალური მოძრაობა” ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. რას პასუხობს ხელისუფლება
● გადამწყვეტი 180 დღე. რა უნდა მოასწროს საქართველომ დეკემბრამდე, თუ ევროკავშირთან დაახლოება უნდა
ელექტრონული არჩევნები გულისხმობს ხმის მიცემის და დათვლის პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებას. შესაბამისად, მისი რამდენიმე სახე არსებობს, იმის მიხედვით, თუ რა დონეზე და როგორ ხდება ტექნოლოგიის გამოყენება.
არჩევნების ელექტრონულად სრულად 21-ე საუკუნის პრაქტიკაა – პირველად 2001 წელს ავსტრალიაში ჩატარდა და დღეს უკვე აქტიურად გამოიყენება, როგორც აშშ-ში, ისე ევროპისა და კიდევ სხვა ქვეყნებში. საქართველოში არჩევნების ელექტრონულად ჩატარებაზე ლაპარაკი წლების წინ დაიწყო, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამაც უარი თქვა და შემდეგმაც – მიზეზად ხან ტექნიკური საკითხები და ხანაც სათანადო კანონმდებლობის არარსებობა სახელდებოდა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა რეგისტრაცია და ხმის მიცემა პირველად საქართველოში ელექტრონულად მიმდინარეობდა კრწანისის ოლქში, იგივე სისტემა გამოიყენეს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის რამდენიმე უბანზეც.