"მჯერა ჩემი ქვეყნის" - მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ დააპატიმრეს, ციხიდან წერილს ავრცელებს:
“ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოებავ, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი, ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე, მათ შორის, პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენებს არ აღიარებს.
მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის. ძალიან მინდა, გთხოვოთ, ყველა მივიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთ ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები.
ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტიურობასა და ბრძლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა.
გთხოვთ, არ შედრკეთ და ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია.
მიყვარხართ, თქვენი ერთგული მ. სააკაშვილი.”
● “არაფრის არ შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე”. დაკავებამდე სააკაშვილმა ვიდეოს ჩაწერა მოასწრო
● სახალხო დამცველის წინასაარჩევნო ანგარიში: მტრული გარემო მედიის მიმართ, დაშინება და მოსყიდვა
● სააკაშვილის დაკავების გამო კიევში საქართველოს ელჩი დაიბარეს
სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტის პოსტი ათი წლის განმავლობაში, ორი ვადით ეკავა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც მისმა პარტიამ “ნაციონალური მოძრაობამ” არჩევნები წააგო და მისი მეორე საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, სააკაშვილმა დატოვა ქვეყანა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.
ამ წლების განმავლობაში ის ცხოვრობდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში, შემდეგ კი დასახლდა უკრაინაში, სადაც ჯერ ექს-პრეზიდენტ პოროშენკოს გუნდის წევრი და ოდესის გუბერნატორი იყო, შემდეგ კი პოროშენკოს ოპოზიციაში გადავიდა.
ბოლო წლებში იგი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რეფორმების კომიტეტს ხელმძღვანელობდა. სააკაშვილი ამჟამად არ არის საქართველოს მოქალაქე – მოქალაქეობა მან ავტომატურად დაკარგა მას შემდეგ, რაც ექვსი წლის წინ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
სააკაშვილს უფლებამოსილების გადამეტებაში, საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში, 2007 წლის ნოემბერში ოპოზიციის აქციის დარბევასა და ტელეკომპანია “იმედში” შეჭრაში ადანაშაულებენ. სააკაშვილია ასევე დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეების ფიგურანტი.
სააკაშვილი უკვე არის მსჯავრდებული ორ ეპიზოდზე. მას 6 წლით აქვს ერთ-ერთ საქმეზე აღკვეთილი თავისუფლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივად აღნიშნავდნენ, რომ ძებნილ ექსპრეზიდენტს დააპატიმრებდნენ სამშობლოში დაბრუნებისთანავე.
საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას თავად სააკაშვილმაც ხაზი გაუსვა, რომ არ ეშინია დაკავების.
2 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ირჩევენ, თუმცა ოპოზიცია ამ არჩევნებს რეფერენდუმს უწოდებს, სადაც უნდა გადაწყდეს გაიმართება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და დასრულდება თუ არა ქვეყანაში “ქართული ოცნების” ერთპიროვნული, ცხრაწლიანი მმართველობა.