პარტია "ლელო" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაბრუნდეს მიშელის შეთანხმებაში
მიშელის შეთანხმება
პარტია “ლელო” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაუბრუნდეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას. როგორც პარტიაში ამბობენ, ამ ნაბიჯს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მომავლის უზრუნველყოფისა და ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელ პირობად მიიჩნევენ.
რა წერია განცხადებაში:
- შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე.
- 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული პოლიტიკური შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლამ, უმძიმესი დარტყმა მიაყენა ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. სწორედ მიშელის შეთანხმების დატოვება იყო მთავარი პრობლემა, რომელიც ბრიუსელში ჩვენი შეხვედრებისას დღის წესრიგში დააყენა ევროპულმა მხარემ.
- მოვუწოდებთ ხელისუფლებას, სასწრაფოდ დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში. ეს ყველაზე ნათელი პოზიტიური გზავნილი იქნება ევროკავშირისთვის დარჩენილ მოკლე დროში, ევროკავშირის ისტორიული გადაწყვეტილების მიღებამდე.
- მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა მიშელის შეთანხმების პროცესში, აიღოს პასუხისმგებლობა და გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება იმისთვის, რომ ქართული ოცნება დაბრუნდეს აღნიშნულ შეთანხმებაში.
ვიწყებთ კონსულტაციებს ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, ერთის მხრივ, დარჩენილ გადამწყვეტ კვირებში კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად და მეორეს მხრივ, მიშელის შეთანხმებაში მმართველი გუნდის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
“ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა 2021 წლის 19 აპრილს ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციის პარლამენტში შესვლას, საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს ითვალისწინებდა.
ასევე, შეთანხმებაში ეწერა, რომ თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებში 43 პროცენტზე ნაკლებ ხმას აიღებდა, იგი დააკმაყოფილებდა ოპოზიციის მთავარ მოთხოვნას და დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს.
28 ივლისს “ქართულმა ოცნებამ” დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა, მაშინ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, კობახიძემ თქვა, რომ შეთანხმების გაუქმებაში დამნაშავე ოპოზიციაა. მისი თქმით, დოკუმენტი უქმდება იმიტომ, რომ მასზე ხელი არ მოუწერია ოპოზიციის ერთ ნაწილს, მათ შორის, პირველ რიგში, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” , ქვეყნის ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგის მიხედვით.
მმართველი გუნდის თავმჯდომარეს არაფერი უთქვამს იმ კრიტიკაზე, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მისამართით ისმის სწორედ შეთანხმებაში ასახული პუნქტების შეუსრულებლობის გამო – შეჩერებულიყო მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესი, ვიდრე ქვეყანაში სასამართლო რეფორმა არ გატარდებოდა.