4 ოპოზიციური პარტია სირიის ახალ მთავრობას მიმართავს, აფხაზეთის აღიარება უკან წაიღონ
მიმართვა სირიის ახალ მთავრობას
ოთხი ოპოზიციური პარტია (ნაციონალური მოძრაობა, ძლიერი საქართველო, კოალიცია ცვლილებებისთვის და გახარია საქართველოსთვის) სირიის ახალ ხელისუფლებას მიმართავს, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება უკან წაიღოს. ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციურმა პარტიებმა საერთო ბრიფინგზე გაავრცელეს.
ტექსტს ხელს ზურაბ ჯაფარიძე, თინა ბოკუჩავა, ირაკლი კუპრაძე და ბერდია სიჭინავა აწერენ.
განცხადება
“თქვენო აღმატებულებავ, ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის.
ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები.
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა.
თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა.” – ვკითხულობთ ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.
სირიული მედიის ინფორმაციით, სირიის დე ფაქტო ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის “გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს.
ასევე, სირიელი ამბოხებულების სამხედრო მეთაურმა, ჰასან აბდულ ღანიმ სირიის 2012 წლის კონსტიტუციის გაუქმებისა და ყოფილი რეჟიმის პარლამენტის, არმიისა და უსაფრთხოების სამსახურების დაშლის შესახებ გამოაცხადა.
აჰმედ ალ-შარაა დროებით საკანონმდებლო საბჭოს შექმნის, რომელიც ახალი კონსტიტუციის დამტკიცებამდე მას სირიის მართვაში დაეხმარება.
სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს და სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს. ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი რუსეთში გაიქცა.
კომენტარი
ნიკა გვარამია, კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთი ლიდერი:
“ოთხივე პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავაგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებასთან, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, სათავეში უდგას ქვეყანას. ასადის კაცთმოძულე რეჟიმი დაემხო.
2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და ახალი ხელისუფლებაა, საქართველოს ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღების მოთხოვნით, დუმილის რეჟიმში იმყოფება.
ამიტომ ჩვენ პროდასავლური ოპოზიცია ვახორციელებთ პატრიოტულ ვალს, ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნით, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება.”
მიმართვის შესახებ ისაუბრა ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, თინა ბოკუჩავამაც.
“ჩვენ მივმართეთ სირიის ახალ ხელისუფლებას, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ხალხის მხარდაჭერით შეძლო, გაეძევებინათ ასადის სისხლიანი დიქტატურა, რაც არის იმის დადასტურება, რომ რუსეთი მარცხდება ყველგან: სირიაში, მოლდოვაში, რუმინეთში […] ასევე, ჩვენ კონტაქტი გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, იქნება ეს აშშ, ბრიტანეთი, უკრაინა თუ სხვა, რომლებიც ახლა ამყარებენ დიპლომატიურ კავშირებს სირიის ახალ ხელისუფლებასთან იმისთვის, რომ განვამტკიცოთ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა”. – თქვა ბოკუჩავამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარება
სირიამ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 28 მაისს აღიარა. მაშინ საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებდა, რომ სირიის რეჟიმმა მიიღო უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს განუყოფელი რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგია, რითაც ასადის რეჟიმმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციას და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას; უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გამართლებულად მიგვაჩნია პროცედურების დაწყება სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.” – ვკითხულობთ განცხადებაში.