მიხეილ სააკაშვილი: დაპატიმრების არ მეშინია, პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სპეციალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ ის პირადად ჩავა ამ არჩევნებზე საქართველოში.
“მინდა მოვუწოდო ყველა ჩვენს უცხოეთში მყოფ თანამემამულეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით და წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში”, – თქვა სააკაშვილმა.
მისივე განმარტებით, მას არ ეშინია დაპატიმრების, რადგან დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი გაათავისუფლებს მას და გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის მის მარშრუტსა და კონკრეტულ თარიღს მოგვიანებით დაასახელებს:
“თქვენ იცით, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არავის კითხვები არ უჩნდება იმ ე.წ. სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც ჩემზე არის აღძრული საქართველოში.“
მესამე პრეზიდენტის თქმით, ის ამ ყველაფერს გააკეთებს სრულიად გახსნილად.
“მე ამას ყველაფერს ვაკეთებ სრულიად გახსნილად, შეგნებულად და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს გამარჯვებას ამჯერად ნამდვილად არ აქვს ალტერნატივა. ისევ განვაცვიფრებთ მთელ მსოფლიოს”, – ამბობს სააკაშვილი.
ასევე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი რევანში არ იქნება:
„უნდა დავასრულოთ ერთი და იგივე წრეზე სიარული. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი მოიტანს უკან ყველა მოპარულ კაპიკს. ის აუნაზღაურებს ზარალს შვილებს, რომელთა დედები და მამები გააქცია უცხოეთში, ჩვენს გლეხობას, რომელიც ვერ ასაღებდა თავის პროდუქციას; მეანაბრეებს და ხალხს, ვინც აიღო კრედიტი და ვერ აბრუნებს, რადგან ვალუტა ორჯერ და მეტჯერ დაეცა. ამას ვპირდები მას, ვპირდები პირველ რიგში ქართველ ხალხს და ეს ყველაფერი ყველას ერთად გამოგვივა.”
___________________________________________________________
● კრიზისის დასასრული? ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა შეთანხმებას ხელი მოაწერა
● ნიკა მელიამ საპატიმრო დატოვა – მას გირაო ევროკავშირმა გადაუხადა. პირველი კომენტარები
● მიხეილ სააკაშვილი: მას შემდეგ, რაც მელია ციხეს დატოვებს, ენმ-მ ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს
_____________________________________________________________
მიმდინარე წლის 8 აგვისტოს საქართველო მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე გააკეთა განცხადება.
“გვაქვს ჰალსტუხების დიდი კოლექცია, რომ მას დავახვედროთ და კომფორტულად ვამყოფოთ ციხეში”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინის მოქალაქეა. ის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2020 წლის 7 მაისს დანიშნა.
ბოლო განცხადება, სადაც ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოში ბრუნდება, მიხეილ სააკაშვილმა გასული წლის 27 აგვისტოს გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილზე საქართველოს ხელისუფლებას ძებნა აქვს გამოცხადებული. მას საქართველოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი პატიმრობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. საქართველოს კანონმდებლობით კი პატიმრობაში მყოფ და ნასამართლევ ადამიანს საჯარო სამსახურში მუშაობა ეკრძალება.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს არის დანიშნული.