მალე ქვეყანაში ორი "გირჩი" იქნება. ზურაბ ჯაფარიძე ახალ "გირჩს" აფუძნებს
26 დეკემბერს ახალი “გირჩი” დაფუძნდება და მისი სახელიც და ლოგოც იგივე იქნება – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ახალ გირჩში ის ახალგაზრდები იქნებიან, რომლებიც პოლიტიკით გირჩის მეშვეობით დაინტერესდნენ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ვის აქვს სახელ “გირჩზე” საავტორო უფლება, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა, რომ არცერთი “გირჩი” საავტორო უფლებებს არ აღიარებს.
“ეს იქნება ღია პლატფორმა, რომელიც ხელს შეუწყობს ბევრი ახალი ადამიანის პოლიტიკაში მოსვლას. აქცენტი იქნება ახალგაზრდებზე, რომლებიც გირჩმა პოლიტიკით დააინტერესა დ ანახა, რომ პოლიტიკის კეთება შეიძლება სუფთად და წესიერად”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
________________________
● “გირჩი” იყოფა. ზურაბ ჯაფარიძე პარტიის სხვა ლიდერებთან მუშაობას წყვეტს
___________________________
ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა ისიც, რომ ორი გირჩის არსებობა ხელს შეუწყობს კონკურენციას, საბოლოო ჯამში კი, კონკურენცია აჩვენებს, ვინ უფრო კარგად აკეთებს ამ საქმეს.
“ვიცი, რომ ერთიც ყელში ჰქონდა ხალხს ამოსული, ამ ქვეყნის საზოგადოების რაღაც ნაწილს, მაგრამ იქნება ორი“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.
_______________________
ჯაფარიძემ პარლამენტში დეპუტატის მანდატის დატოვების თაობაზე განცხადება უკვე შეიტანა. მისი თქმით, ის განცხადების გასაკეთებლად პარტიისგან დამოუკიდებლად მივიდა, გირჩის დანარჩენი წევრები კი გადაწყვეტილებას ცალკე მიიღებენ.
ჯაფარიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნები გაყალბებულია და პარლამენტში შესვლით ამ გაყალბების ლეგიტიმაცია მოხდება, რის შედეგადაც პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება “მაინც შეუძლებელია და თავის მოტყუებაა”.
4 დეკემბერს ზურა ჯაფარიძემ Facebook-ის ერთ-ერთ დახურულ ჯგუფში დაწერა, რომ ვახტანგ მეგრელიშვილთან, იაგო ხვიჩიასთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან პარტიულ თანამშრომლობას წყვეტდა.
“სალამი მეგობრებო, მოკლე ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ – სამწუხაროდ ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. მე აღარ ვაპირებ მათთან ერთად გირჩის კეთებას.”
კონკრეტულად რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჯაფარიძე არ ამბობს. მისი თქმით, “ბევრი მიზეზი” არსებობს.