ლაშა ტუღუში: ოცნებას არ ესმის, რომ ძლიერი სოლიდარობა, რომელიც ქვეყანაშია, არ არის დაკავშირებული მხოლოდ სამ თუ ოთხ ფონდთან
ლაშა ტუღუში ფონდებზე
“ქართულ ოცნებას“ არ ესმის, რომ ძლიერი სოლიდარობა, რომელიც ქვეყანაშია, არ არის დაკავშირებული მხოლოდ სამ თუ ოთხ ფონდთან – ახალგაზრდებს ვერ გამოცვლი, ვერ შეცვლი, ისინი თავისუფალი მოქალაქეები არიან – ამის შესახებ “ლიბერალური აკადემიის“ თავმჯდომარემ, ლაშა ტუღუშმა გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, რითაც გამოეხმაურა “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ ფონდების დაყადაღებას და ამ ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში ჩატარებულ კოორდინირებულ ჩხრეკებს.
28 აპრილს სხვადასხვა ფონდების ხელმძღვანელი პირების სახლებში პროკურატურამ კოორდინირებული ჩხრეკა ჩაატარა. ჩხრეკა ჩატარდა ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის, გუგა ხელაიას და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში. ოთხივე პირთან პროკურატურის თანამშრომლები მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.
მანამდე საქართველოში დააყადაღეს ფონდები, რომლებიც აქციის დაჯარიმებულ მონაწილეებს და პოლიტპატიმრების ოჯახებს ეხმარებოდნენ – დააყადაღეს ნანუკას ფონდი და მასთან ერთად ნიკა გილაურისა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ფონდები.

ლაშა ტუღუში: “ეს არის პროცესი, რომლის მიზანია, ამ ქვეყანაში დიქტატურა ააშენონ. ეს არის ცხადი. ყველა ნიშანს ვხედავთ იმისა, თუ რა პოლიტიკურ პროცესთან გვაქვს საქმე. როდესაც დიქტატურას აშენებენ, ცხადია, ყოველთვის ეძებენ საბაბს, იგონებენ რაღაცებს, იგონებენ გადატრიალებებს, რევოლუციებს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებებს.
რაღაც შეთქმულების თეორიები ამ დროს უხვად არის, ასევე, “დიფსთეითები“, “გლობალური ომის პარტიები“. გასაგებია, ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობენ მოძებნონ სუსტი წერტილები, ვერ პოულობენ და ამიტომ, შეცდომებს შეცდომებზე უშვებენ. მე თუ მკითხავთ, ზუსტად დემოკრატიული ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟი, დივერსია მიმდინარეობს და ამას აკეთებს ის ძალა, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ თითქოსდა, ამ ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლებაა.
სახელმწიფო გადატრიალება ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს და ამ პროცესს თავისი ავტორები ჰყავს. [“ქართულ ოცნებას“ სახელმწიფო გადატრიალება იმიტომ უნდა, რომ] აშენებენ სხვა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების დიდ უმრავლესობას არ უნდა. ეს არის სახელმწიფო, რომელსაც დიქტატორულ რეჟიმის სახელმწიფო ჰქვია. აი, ამას აშენებენ.
დღეს, ჩვენ ვართ ამ გარდამავალ პროცესში. პროტესტი, რომელიც ქუჩაშია სწორედ ამის წინააღმდეგ არის მომართული. ისინი ცდილობენ, რომ ეს პროტესტი დაანგრიონ, დაშალონ, საქართველოში ინსტიტუტები, სისტემები გაანადგურონ, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ საქართველო იყოს დემოკრატია
ეს ბრძოლა, რომელსაც აწარმოებენ, გუშინ ჩვენ, რაც ვიხილეთ, ეს მართლაც ტერორი, პოლიციური თუ რაღაც მსგავსი, შედეგს ვერ მოიტანს, რადგან განწყობებს ხალხში ვერ შეცვლი, ახალგაზრდებს ვერ გამოცვლი, ვერ შეცვლი. ისინი არიან თავისუფალი მოქალაქეები. მათ უნდათ თავისუფალი მოქალაქეების მიერ შექმნილ სახელმწიფოში იცხოვრონ და არა რაღაც, ერთპიროვნულ დიქტატურაში თანაცხოვრებით დატკბნენ.
საინტერესო ამბავია, როდესაც დიქტატურას აშენებენ, იქ ქველმოქმედი მხოლოდ ერთი პიროვნება უნდა იყოს. იქ არ შეიძლება, სოლიდარობა ფართოდ გავრცელებული არსებობდეს
იქ სოლიდარული, ნებართვის მიმცემი, მხოლოდ ერთი პირი უნდა იყოს. [სოლიდარობა] ნებადართული უნდა იყოს, ვიღაცის წყალობით უნდა იყოს გაკეთებული. ამას ვხედავთ, რას ებრძვიან. დიქტატურას, ავტორიტარიზმს, ან რაღაც ჰიბრიდულ სისტემებს, ყოველთვის ეშინიათ თავისუფალი ადამიანების, მით უფრო თავისუფალი სიტყვის, მით უფრო, ქუჩაში თავისუფალი საზოგადოების თავისი ნების გამოხატვის. ეშინიათ და ამიტომაც ჩადიან ასეთ გაუგებარ მოქმედებებს და ცდილობენ გაამართლონ.
ესეც ახასიათებს, რომ არ ინდობს არავის. მისთვის სულერთია ის მზად არის, რომ პატარა ბავშვი ატიროს, ქალი დაამციროს. თვითონ თავს ხომ დებენ, რომ ვაჟკაცობა, ქალი ქალია და ა.შ, პაროდიაა ეს ყველაფერი. მართლა მაინტერესებს, ვაჟკაცის დამახასიათებელია, რომ ორსულ ქალს საძინებელში შეუვარდე?”