კორონავირუსი სომხეთში: გარდაცვალების მეათე და დაინფიცირების 40 ახალი შემთხვევა
9 აპრილს, სომხეთში, კორონავირუსით გარდაცვალების მეათე შემთხვევა დაფიქსირდა.
„80 წლის პაციენტს ჰქონდა კორონავირუსის ინფექცია, პნევმონიის მძიმე ფორმა და გართულებული რესპირატორული დისტრეს სინდრომი. მამაკაცს თანმდევი ქრონიკული დაავადებებიც აწუხებდა, მათ შორის, ჰიპერტენზია, კახექსია და სკლეროზი“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე, ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა, ანა ნიკოგოსიანმა.
ოფიციალური მონაცემებით, სომხეთში, ინფიცირების 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 921-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა – 138 ადამიანი, 773 პაციენტი კი მკურნალობას აგრძელებს. 8 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. 4 902-მა ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.
კორონავირუსის კიდევ უფრო ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად, 16 მარტიდან 14 აპრილამდე, სომხეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქების გარდა.
25 მარტიდან დაწესებულია მკაცრი შეზღუდვები ადამიანების გადაადგილებაზე. სახლიდან გასვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაშია შესაძლებელი – პასპორტითა და „გადაადგილების ანკეტით“. მასში თითოეულმა მოქალაქემ პირადი მონაცემები, გამოსვლის მიზეზი და შინ დაბრუნების სავარაუდო დრო უნდა მიუთითოს. დამრღვევებს პოლიცია აკონტროლებს.
შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო.