ბოლო კვირაში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა
კორონავირუსი საქართველოში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა და დადასტურდა 12 595 ახალი შემთხვევა.
14-21 აგვისტოს პერიოდში ქვეყანაში ჩატარდა 74 171ტესტი და შვიდდღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელი 16.98 პროცენტია.
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში შეზღუდვების საფუძველი არაა და არც იქნება.
“მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ არანაირი ნერვიულობის და სტრესის საფუძველი არ არსებობს. ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში, ჩვენ მზად ვართ, რომ ვუმკურნალოთ ჰოსპიტალში, ვისაც სიმძიმიდან და რისკიდან გამომდინარე ესაჭიროება კონკრეტული კოვიდის სამკურნალო მედიკამენტი პაქსლოვიდი, შეგვიძლია ეს მედიკამენტიც შევთავაზოთ. ასევე, მსურველებს შეუძლიათ აცრების გაგრძელება და ვთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ვაქცინას.” – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, არის ინფიცირების შემთხვევები, თუმცა, სრულად მართვადია და არის მინიმალურ ზღვარზე. როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, რამდენიმე ქვეყანაში არის შედარებით მეტი, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში ასეთი მკვეთრი ზრდა არ არის:
“თუ აბსოლუტურ რიცხვებში შეიძლება შევადაროთ და არა ისე, რომ 5-ჯერ, 10-ჯერ და ასე შემდეგ გაიზარდა, თუ ერთი კვირის წინ საშუალოდ დღიური შემთხვევები გვქონდა 100, ახლა გვაქვს 500. ეს არის სულ. 3 700 000-იან ქვეყანაში.”
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის სტატისტიკის მონაცემები – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები, ყოველკვირეულად ჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს ქვეყნდება.
ასევე, პირბადის გამოყენება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებშია სავალდებულო. შეზღუდვა მოხსნილია საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 1 735 682 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა, მათგან 16 889 გარდაიცვალა, 1 692 387 კი გამოჯანმრთელდა.