ხმაური და დაკავებები რიონის ხეობაში: ნამახვანჰესის მშენებლობა განახლდა
პოლიციამ ნამახვანისკენ მიმავალი გზა ორივე მხრიდან ჩაკეტა და ადგილობრივებს ტერიტორიაზე არ უშვებს. ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. სამუშაოების განახლება აქტივისტებმა გააპროტესტეს, რასაც აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოჰყვა – დაკავებულია ორი აქტივისტი.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო, სადაც მოძრაობა “მწვანეების” ინფორმაციით, ჩანს, თუ როგორ ამონტაჟებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეფონის სიგნალის ჩამხშობ მოწყობილობებს. თუმცა, მოგვიანებით, უწყებამ ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ “ადგილზე მობილიზებულია საპოლიციო ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც რადიოკავშირის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს”.
ხეობაში კომპანია ENKA– ს ახალი დირექტორი მერან ლომინაძე პოლიციის თანხლებით დღეს ჩავიდა. აქტივისტები მას შეძახილებით – “მონა” და “წადი” დახვდნენ.
ადგილობრივების თქმით, ლომინაძის აგრესიულ და უპატივცემულო ტონალობას ამაგრებდა დიდი რაოდენობით ჩასული პოლიციელი.
“ყველა ის სამუშაო, რომელიც დაკავშირებულია მოსამზადებელ ეტაპთან იქნება წარმართული ჩვეულებრივად მიმდინარე რეჟიმში, როგორც ეს იყო ადრე. ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს პროექტის შეფერხება…
ის ძირითადი სამუშაოები, რის მიმართაც არსებობს კითხვები, იქნება კაშხლის ტანი თუ სხვა, არ დაიწყება მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენს ხელთ არსებული კვლევების ვერიფიკაცია. ჩვენ, როგორც კომპანიამ, სრული მზაობა განვუცხადეთ იმ ინიციატივას, რომლებიც გამოთქმული იყო ეკონომიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნას გარე ექსპერტთა დამოუკიდებელი ჯგუფი. ის შეისწავლის ყველა იმ დასკვნასა და მასალას, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს ამ პროექტის განხორციელებისთვის”, – ამბობს კომპანიის დირექტორი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება დროებით იზღუდება.
ისინი მოსახლეობას მოუწოდებენ “არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს და დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას”.
_________________________________________
ოთხ თვეზე მეტია, მდინარე რიონის ხეობაში არ წყდება პროტესტი ნამახვანის ჰესის პროექტის წინააღმდეგ, რომელსაც თურქეთის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია ENKA ახორციელებს.
2020 წლის ოქტომბრის ბოლოს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯონეთში კარვები გაშალეს. მათ ENKA– ს მოსთხოვეს დაუყოვნებლივ შეეჩერებინა სამუშაოები და ხეობიდან ტექნიკა გაეყვანა.
ელენე ასათიანის ეს ფილმი რიონის ხეობის მცველებზეა, თუ როგორ დაუკავშირეს მათ საკუთარი ცხოვრება ხეობის პროტესტს ჰესის წინააღმდეგ:
_______________________________
● მათი ხეობა. როგორ იცავენ ადგილობრივები საკუთარ სახლებს ნამახვანჰესის დიდი პროექტისგან