”ხანდახან ქმარი გცემს” - კადიროვმა 23 წლის გოგონას სიკვდილში სავარაუდო დამნაშავეებს საჯაროდ დაუჭირა მხარი
ჩეჩნეთის ქალაქ გუდერმესში ახალგაზრდა გოგონა, 23 წლის მადინა უმაევა გარდაიცვალა. გოგონას ოჯახმა განაცხადა, რომ იგი მეუღლისა და მისი ოჯახის ძალადობის მსხვერპლი გახდა. თუმცა შემდეგ გარდაცვლილი ქალის დედამ საკუთარი სიტყვების გამო ჩეჩნეთის პრეზიდენტს ბოდიში მოუხადა – ისევე, როგორც ამას ხშირად აკეთებენ ჩეჩნეთის მცხოვრებლები – ვისი სიტყვებიც, ამა თუ იმ მიზეზით, ყოვლისშემძლე რამზან კადიროვს არ მოეწონება.
თავად ჩეჩნეთის პრეზიდენტმა მოძალადე ოჯახს საჯაროდ მხარი დაუჭირა.
ქალის ბოდიშის ჩანაწერი, რომელმაც ახალგაზრდა ქალიშვილი დაკარგა, ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა.
- რუსეთის ახალი კონსტიტუცია: „მარადიული“ პუტინი, ღმერთი და რუსი ხალხის განსაკუთრებული როლი
- პანკისში მშვიდობა აღარ არის
- იანვრის ანგარიშსწორება ჩეჩნეთში
“წყენა გაივლის, ქმარს დაუბრუნდი”
მადინა უმაევა 12 ივნისს გარდაიცვალა. მისი ახლობლების აზრით, მადინა მისმა მეუღლემ მოკლა. ახალგაზრდა ქალმა მეუღლისგან წამოსვლა რამდენჯერმე სცადა ძალადობისა და ცემის გამო, ის ასევე დედამთილის მხრიდან ძალადობას უჩიოდა.
სააგენტო “კავკაზსკი უზელ”-თან ინტერვიუში, გოგონას დედამ, ჰუტმათმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონა ქმარს ეჩხუბა:

”ამ ამბებამდე რამდენიმე დღით ადრე, მადინა ჩემთან მოვიდა, რადგან ქმრის ოჯახს ეჩხუბა. ბავშვები იქ დატოვა. სამი დღის შემდეგ მე ვუთხარი: „წადი შვილებთან, როგორ გაძლებ მათ გარეშე? არა უშავს, ყველა წყენა გაივლის, წადი.”
ქალიშვილის სახლში დაბრუნების შემდეგ, ჰუთმატს მისი ოჯახიდან დაურეკეს და სასწრაფოდ მოსვლა სთხოვეს, რადგან მადინა „ჩაიკეტა“ და ქმრის ოჯახს არ ელაპარაკებოდა. დედა ქალიშვილის ქმრის ოჯახთან შერიგებას კვლავ შეეცადა, შემდეგ კი სახლში წავიდა. საღამოს კი შეატყობინეს, რომ მადინა ცუდად გახდა.
”მე და ჩემი ორი ქალიშვილი წავედით, ის კი გარდაცვლილი დაგვხვდა. შოკში ვიყავი. ვტიროდი და ვეკითხებოდი მათ: „რატომ ასაფლავებთ ღამით? დატოვეთ დილამდე, ნება მომეცით, ღამე გავატარო მასთან.” არა, მათ მისი ცხედარიც კი არ დამანახეს. როდესაც მაჩვენეს, უკვე განბანილი იყო და მხოლოდ სახე უჩანდა,” – ჰყვება ჰუთმატი.
ქმრის ოჯახმა კატეგორიულად უარყო ოჯახში ძალადობის ვერსია და თქვა, რომ მადინას გარდაცვალების მიზეზი ეპილეფსიური შეტევა იყო. ჰუთმატი ამბობს, რომ მის ქალიშვილს ეპილეფსია არასდროს ჰქონია. მისი თქმით, მადინას ქმარს ხელს იმიტომ აფარებენ, რომ იგი სამართალდამცავ ორგანოებში მუშაობს. გარდაცვლილის ახლობლები ცხედრის ექსჰუმაციას დაჟინებით მოითხოვდნენ, რაც 20 ივნისს მოხდა.
კადიროვის სიტყვა
24 ივნისს, სახელმწიფო ტელევიზიაში უმაევას გარდაცვალების შესახებ სპეციალური რეპორტაჟი გავიდა. ამ რეპორტაჟის მთავარი გმირი, ფაქტობრივად, ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი იყო.
მან განაცხადა, რომ გაკვეთამ ძალადობრივი სიკვდილის ნიშნები არ აჩვენა და უსაყვედურა ოჯახს იმის გამო, რომ ცხედრის გაკვეთა მოითხოვა, რაც ეროვნულ ტრადიციებს ეწინააღმდეგება.
ჩეჩნეთის მეთაურის ბრძანებით, მადინას შვილები მამასთან დააბრუნეს.
ვიდეოში, რომელიც გამოცემა”მედიაზონამ” გაავრცელა, კადიროვი ამბობს, რომ გარდაცვლილი გოგონა ”თავის ქორწინებას უნდა გაფრთხილებოდა” და “როცა გათხოვილი ხარ, ჩხუბებიც ხდება, ხანდახან ქმარი გცემს”.
იურისტის კომენტარი
არასამთავრობო ორგანიზაცია “წამების საწინააღმდეგო კომიტეტის” იურისტმა, აბუბაქარ იანგულბაევმა, “კავკაზსკი უზელ”- თან საუბრისას აღნიშნა, რომ უმაევის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია და ოფიციალური ექსპერტიზის შედეგები კითხვებს ბადებს.
”შეიძლება ბევრი ვერსია იყოს. ყველაფერი, რასაც ამ ვიდეოში ვხედავთ: უცნაური დაკრძალვა, მოვლენებში მონაწილეთა უცნაური ჩვენებები – ცხადყოფს, რომ ეს ამბავი ძალიან არაერთგვაროვანია და აქ საჭიროა არა მხოლოდ წინასწარი მოკვლევა, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და სრული, რეალური გამოძიების ჩატარება,” – დასძენს იგი.