"კარტოგრაფების საქმე" სტრასბურგში გაიგზავნა
ე.წ. “დავით გარეჯის საქმეზე” წინასაარჩევნოდ დაკავებულმა კარტოგრაფებმა, ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. GDI-მ, რომელიც კაროტგრაფების საქმეზე მუშაობს, სარჩელი სტრასბურგში დღეს გადააგზავნა.
საჩივარი ადვოკატმა დავით ჯანდიერმა მოამზადა, რომელიც წარმოადგენს მომჩივნის ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში.
საჩივარი კონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევას ეხება და ის მომჩივნების დაკავებას და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს – 2020 წლის 7 ოქტომბრიდან 2021 წლის 28 იანვრამდე – ეხება.
საჩივარში ყურადღება გამახვილებულია კონვენციის საწინააღმდეგო მიზნით, ილიჩოვასა და მელაშვილის დაკავებაზე მმართველი პარტიის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე.
____________________________________
● კარტოგრაფების საქმე, გიორგი რურუა და სასამართლო კლანი – საქართველო სახდეპის ანგარიშში
● სამი არგუმენტი, რატომ არის კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური. არასამთავრობოების პოზიცია
● უძველესმა სამონასტრო კომპლექსმა შესაძლოა საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს დაუპირისპიროს
_____________________________________
კარტოგრაფების საქმე
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ სკანდალური გამოძიება დაიწყო – აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ეხება საქართველოს ტერიტორიების უკანონო დათმობას აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
დააკავეს ორი ადამიანი – სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები – ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, რომლებიც შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.
საქმის მასალებს წინა ხელისუფლებამდე, კერძოდ კი მიხეილ სააკაშვილამდე მივყავართ.
მოკლედ საქმის არსი შემდეგშია: გამოძიების თანახმად, სააკაშვილის დროს მომუშავე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ გადამალა მნიშვნელოვანი რუკა, რის შედეგადაც ტერიტორიების გარკვეული ნაწილი, რომლებიც წესით საქართველოს კუთვნილებაა, აზერბაიჯანულ მხარეს უნდა გადასცემოდა.
ამ საქმეს საქართველოში ოპოზიციის და ექსპერტების ერთი ნაწილი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, რომლის მიზანია არჩევნებამდე 24 დღით ადრე ოპოზიციის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტირება.
ხელისუფლებას ასევე აკრიტიკებენ იმის გამო, რომ აღნიშნული ბუნდოვანი გამოძიება ყარაბაღის ომის ფონზე მიმდინარეობს.
ასევე, ხელისუფლების ოპონენტები ყურადღებას ამახვილებენ კიდევ ერთ დეტალზე – რუკა, რომლის საფუძველზეც გამოძიება დაიწყო, პროკურატურას რუსეთში მოღვაწე, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა გადასცა.