რუსეთში, კამჩატკაზე უცნაური ამბები ხდება - იხოცებიან ზღვის ბინადრები, ადამიანები კი ბრმავდებიან
ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან, რომელიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე, რუსეთის უკიდურეს აღმოსავლეთ წერტილში მდებარეობს, ეკოლოგიური კატასტროფის შესახებ მოდის ინფორმაცია. მთავარი ეჭვმიტანილები – სამხედროები არიან.
„ფსკერზე ყველაფერი მოკვდა“
აი, ადგილობრივი მცხოვრების, კრისტინა როზენბერგის მონათხრობი:
— პეტროპავლოვსკ-კამჩატსკისთან ახლოს პლაჟია, რომელიც მთელი წელი მუშაობს. ადამიანები იქ სერფინგით და დაივინგით არიან დაკავებული. ჯერ კიდევ სექტემბრის შუაში მათ დაიწყეს ჩივილი, რომ სახე ეფხანებათ, თვალები სტკივათ, მაგრამ ამას განსაკუთრებული ყურადღება არავინ მიაქცია.
შემდეგ, ვიღაცამ თვალების დამწვრობა მიიღო, წყალი გაყვითლდა, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. გასულ უქმეებზე შტორმი იყო. მან გამორიყა ყველაფერი, რაც კი წყალში მკვდარი და მოწამლული იყო და რასაც ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავდით.
ფსკერზე ყველაფერი მოკვდა – თევზებს თითქოს მდუღარე გადაასხესო, ყველა ზღვის ზღარბი დახოცილია.
• სომხეთში სევანის უდიდესი მტკნარი ტბა კვლავ აყვავდა
• აფხაზეთში აქტივისტები მომაკვდავი პალმების გადარჩენას ცდილობენ
კამჩატკის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ოკეანიდან წყლის ნიმუშები აღებულია და მუშავდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს ურჩიეს, პლაჟებზე არ გავიდნენ, თუმცა არანაირი მკაცრი აკრძალვა არ შემოუღიათ.
მთავარი ეჭვმიტანილები სამხედროები არიან
ადგილობრივი აქტივისტები ამ სიტუაციაში თავიანთ ვერსიებს გამოთქვამენ.
წყლის დაბინძურების მიზეზი შესაძლოა რაკეტის საწვავის ჩაღვრა იყოს, მიიჩნევს რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „სახალინის ეკოლოგიური ვახტის“ თავმჯდომარე დმიტრი ლისიცინი.
— იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი მასშტაბური დაბინძურების წყაროები, გარდა მეზობლად განთავსებული სამხედრო პოლიგონისა, ბუხტაში არაა, ნამდვილად სამხედროებს ჩაეღვარათ საწვავი – შესაძლოა, რაკეტის. ვგულისხმობ ჰეპტილს, მეტად შხამიანს ყველა ცოცხალი არსებისთვის, რაკეტის თხევად საწვავს.
და იმის გათვალისწინებით, თუ უკვე რამდენი ხანია, რაც თვითმხილველები ამ დაბინძურებას თვალს ადევნებენ, ვივარაუდებ, რომ ეს ერთჯერადი გაჟონვა არაა – ის გრძელდება!
სხვათა შორის, დასამუშავებელია ქიმიური იარაღის ან ტოქსიკური ნარჩენების წყალქვეშა სამარხების ვერსიაც – შესაძლოა, რაიმე მსგავსით სავსე კონტეინერს დაშლა დაეწყო.
დაბინძურება კამჩატკის სანაპიროსთან. ფოტო: Greenpeace
„წყალი არ დავლიოთ? ზღვის პროდუქტები არ ვჭამოთ?“
ადგილობრივი მცხოვრებლები საგონებელში ჩავარდნილი და პანიკამდე მისულები არიან.
– მთელი ცხოვრება ონკანის წყალს ვსვამთ. ზღვის პროდუქტებით ვიკვებებით, წყალთან ვცხოვრობთ. საკუთარ სიცოცხლეზე, ჩემი შვილების სიცოცხლეზე ვღელავ. უკვე თვეა, რაღაც ხდება, ჩვენ კი ვერ ვხვდებით – რა, არაფერი იცვლება. ვინმეს მაინც ეთქვა, როგორც მოვიქცეთ. იქნებ არ შეიძლება ონკანის წყლის დალევა? ან იქნებ, არ უნდა ვჭამოთ ეს კიბორჩხალა, რომელიც სულ გალურჯებული, ნახევრად მოხარშული ამოაქვთ წყლიდან, – ამბობს კრისტინა როზენბერგი.
კამჩატკის სანაპირო – ზღვის პროდუქტების ძვირფასი სახეობების უდიდესი წყარო და, ასევე, ზღვის ცხოველების მიგრაციის რაიონია. მათ ყველას დაღუპვა ელოდება.
ადგილობრივ მცხოვრებთა მთავარი შიში: თუ მომწამვლელი ნივთიერებების ჩაღვრაში სამხედროები არიან დამნაშავე, გამოძიების შედეგები გასაიდუმლოებული იქნება, და ისინი ვერასოდეს შეიტყობენ, რა მოხდა, და რა სიფრთხილის ზომების მიღებაა საჭირო.