“სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. ორგანიზაციის განცხადებით, “ქართული ოცნება” ადმინისტრაციულ რესურსს იყენებდა, რის გამოც, სხვა პარტიებთან შედარებით უპირატესობით სარგებლობდა.
ამასთან, “სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობისა და ამომრჩეველთა მოსყიდვის სავარაუდო შემთხვევებზეც საუბრობს.
“სამართლიან არჩევნებში” ამბობენ, რომ წინასაარჩევნო გარემო პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმაც დააზიანა.
ორგანიზაციის განცხადებით, მედიებთან მიმართებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება არასამართლიანი იყო და მათ დასჯას ემსახურებოდა.
● საქართველო წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში შეხვდა, რომელსაც წინ ქართული საზოგადოების უწყვეტი პროტესტი უსწრებდა. ე.წ. რუსული კანონის მიღებას თან ახლდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო უპრეცედენტო მასშტაბის დისკრედიტაციული კამპანია, ხელისუფლების კრიტიკოსების დაშინების მცდელობა, მუქარის შემცველი ზარები და რიგ შემთხვევაში, ფიზიკური თავდასხმებიც.
● ასევე, წინასაარჩევნო პერიოდში აქტუალური იყო ანტიდასავლური, მათ შორის ევროსკეპტიკური გზავნილები და ამას ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაც დაემატა.
● მეტ-ნაკლებად, ყველა პარტიას შეეძლო, წინასაარჩევნო კამპანია ეწარმოებინა. თუმცა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ქართული ოცნება მის მხარეს არსებული ადმინისტრაციული რესურსის გამო, მნიშვნელოვანი უპირატესობით სარგებლობდა.
● ადგილი ჰქონდა საარჩევნოდ მოტივირებულ არაერთ სოციალურ, ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურული პროექტისა და პროგრამის ინიციირებასა და მმართველი გუნდის სააგიტაციო ღონისძიებებში საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების აქტიურ მონაწილეობას.
● წინასაარჩევნო გარემო დააზიანა ამომრჩეველთა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მოქალაქეების პირადობის მოწმობების სავარაუდო შეგროვების ფაქტებმა.
● კამპანიის დროს დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის, მუქარის, დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობა. აგრეთვე, პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებიც.
● მედიაგარემოც პოლარიზებული იყო. კომუნიკაციების კომისიის მიერ მიღებულმა ზოგიერთმა გადაწყვეტილებამ ეჭვი და რისკი გააჩინა ამ მედიებთან მიმართებით, საქმიანობის სადამსჯელო მექანიზმად გამოყენებისა და მისი ინსტრუმენტალიზაციის შესახებ.